კობა ახვლედიანი, რომელიც მალხაზ არქანიას საქმეში ფიგურირებს, თანამდებობაზე დანიშნეს – ადვოკატის განცხადება

კობა ახვლედიანის ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილედ დაინიშვნას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. განსაკუთრებით მკაცრი რეაქცია მოყვა მას იმ პირების მიერ, რომლებიც მალხაზ არქანიას საქმეს იცნობენ – ის კობა ახვლედიანს ასახელებს, როგორც პირს, რომელიც მას 2011 წელს ციხეში აწამებდა. მიუხედავად იმისა, რომ მალხაზ არქანიამ ეს რამდენიმე წლის წინ განაცხადა, კობა ახვლედიანი პროკურატურას დღემდე არ დაუკითხავს. დღეს მალხაზ არქანიას ადვოკატმა ლექსო არქანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა კობა ახვლედიანის ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილედ დაინიშვნასთან დაკავშირებით, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“მალხაზ არქანიას საქმეზე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება იყო ეწარმოებინა „ქმედითი და ეფექტური გამოძიება“ რათა დაედგინა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, შიდასახელმწიფოებრივმა სამართალდამცველმა სისტემამ (ქ. თბილისის პროკურატურა) ვერ აჩვენა მატერიალური სისხლის სამართლის აღსრულების უნარი მათ წინააღმდეგ, ვინც არამართლზომიერად ხელყო მალხაზ არქანიას სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

2011 წელს მალხაზ არქანიას ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლება ჩაუდეს ნარკოტიკი და სასტიკად აწამეს, ზუგდიდის სასამართლომ მას 7 წლით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი მალხაზ არქანია ჯერ ზუგდიდის N4 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეგის ქარდავას ბრძანებითა და უშუალო მონაწილეობით სასტიკად იქნა ნაწამები (არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი) შემდეგ კი 2011 წლის მაისის თვეში მეგისი ქარდავას ბრძანებით გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში (გლდანის ციხე), სადაც მეგისი ქარდავას ბრძანებითა და უშუალო მონაწილეობით გამოძიებით დადგენილ თუ დაუდგენელ პირებთან ერთად წელიწადი და 3 თვის განმავლობაში პერიოდულად სასტიკი მეთოდებით აწამეს.

მეგის ქარდავას, ოლეგი ფაცაციასა, ყაჭეიშვილის, ლაშა ყოლბაიას, ალექსანდრე მუხაძე და სხვა პირები ამ ადამიანს პერიოდულად ყოველი დღე წამების, არაადამიანური მოპყრობის პირობებში უწევდა ყოფნა (ცნობისათვის დაკავებისას მალხაზ არქანია 140 კგ წონის იყო წელიწად და 3 თვის შემდგომ განთავისუფლებისას 60 კგ წონის გამოვიდა) თქვენ არ იცით რა დღე გადაიტანა ამ ადამიანმა ციხეში. ის იქ „მოკლეს“, იქიდან სხვა მალხაზ არქანია გამოვიდა, დღესაც კი, ყოველ ღამე ესიზმრება, დღე კი, ელანდება მწამებლები, რომლებიც მოსვენებას არ აძლევენ, ფსიქოლოგიურად ანადგურებენ და ნელნელა კლავენ მას.

“სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით.”

თუმცა თქვენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც არ ხართ ჩახედულნი და არ იცით რა მოხდა სინამდვილეში და დაბრმავებულები ეჭვქვეშ აყენებთ მალხაზ არქანიას ჩვენების იმ ნაწილის სისწორეს, სადაც ის კობა ახვლედიანზე მიუთითებს.

სანამ გამოძიების ფარგლებში არ დადგენილა ობიექტური ჭეშმარიტება არ გეკადრებათ ტალახი ესროლოთ ერთხელ უკვე სახელმწიფოს მიერ ტალახნასროლ და „მოკლულ“ მალხაზ არქანიას, რომელიც საზოგადოების მხრიდან საჭიროებს მორალურ თანადგომას და არა ჩაქოლვას.
თქვენ რა იცით !!! მალხაზ არქანიას ოჯახმა რა ჯოჯოხეთი გამოიარა! ისინიც „მოკლეს“ და განადგურეს მალხაზ არქანიასთან ერთად და დღესაც მალხაზ არქანიას შემყურენი „კვდებიან“ და ნელნელა ნადგურდებიან.

თქვენ თუ გყავთ ოჯახი, ცოლ-შვილი, მაშინ მოგიყვებით ერთ-ერთ ეპიზოდზე და იქნებ მაშინ მაინც დაფიქრდეთ თუ რა საზიზღრები ხართ, მალხაზის გლდანის ციხეში ყოფნისას როცა ჩემზე, ადვოკატზე იძულებით მოაცემინეს აცილება და ოჯახის წევრებს და არავის არ უშვებდნენ მასთან და ყველანი ციხის კარებთან დღე-ღამეს ვათენებდით იმის მოლოდინით, გაგვეგო ცოცხალი იყო თუ მცვდარი მალხაზ არქანია. თურმე იმ დროს მას ციხის დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის კაბინეტიდან მეგისი ქარდავა და მისი დამქაშები აყურებინებდნენ მის მეუღლესა და 7 წლის ქალიშვილს, რომლებიც ციხის კარების შემოსასვლელთან იდგნენ, ემუქრებოდნენ 7 წლის ქალიშვილის გატაცებითა და გაუპატიურებით თუ მათთვის მისაღებ ჩვენებას არ მიიღებდნენ მისგან.

თქვენ რა იცით !!! მე და ჩემს ოჯახს ყოველდღიური მუქარისა და ზეწოლის ფონზე რა დღეები გადაგვიტანია?! როცა მეგის ქარდავას მუქარის ქვეშ ვიმყოფებოდი და დღევანდელი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების მეშვეობით (რომლებიც შემოსკუპულები არიან მაღალ თანამდებობებზე) მითვლიდა – თუ არ გავჩერდებოდი და თავს არ დავანებებდი მალხაზ არქანიასა და სხვათა ინტერესების დაცვას რომელსაც ის აწამებდა (ე.ქ; მ.ა; ლ.ა; ზ.ა) ერთი აბი სუბიტექსის ჩაგდებით შემაგზავნიდა მე-8 განყოფილებაში და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების თვალწინ პირადად გამაუპატიურებდა. ამ ფონზე, ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლის ფასად მიწევდა მალხაზ არქანიასა და სხვა ათეულობით პატიმრების სიცოცხლის დაცვა.

თქვენ კი მაშინ სოროებში იყავით შემძვრალნი და სოროდანაც კი ვერ იხედებოდით სხვა შემთხვევაში დაინახავდით მაინც და არ დაიწყებდით ტალახის სროლას მალხაზის მისამართით, რომ თითქოსდა მან ცილი დასწამა კობა ახვლედნიანს ერთ-ერთი წამების ეპიზოდში მის თანამონაწილეობაზე.

დიახ, მალხაზ არქანია 2012 წელს ქ. თბილისის პროკურატურაში 2 დღის განმავლობაში იკითხებოდა. ათეულობით თანამდებობის პირები დაასახელა ვინც იღებდა მის წამებაში მონაწილეობას, თუმცა დღემდე მხოლოდ 5 პირია პასუხისგებაში მიცემული.
გამოძიებისას მალხაზიმ ათეულობით პირებს შორის კობა ახვლედიანიც დაუსახელა, როგორც ერთ-ერთ ეპიზოდში მის მიმართ განხორციელებულ წამებაში მეგის ქარდავასთან, ლაშა ყოლბაიას, ფაცაციასა და ყაჭეიშვილთან ერთად თანამონაწილე, თუმცა პროკურატურას კობა ახვლედიანის პიროვნების დასადგენად ხელიც არ გაუნძრევია მიუხედავად ჩვენი მხრიდან არაერთგზის მიმართვისა დაედგინათ კობა ახვლედიანის პიროვნება და დაეკითხათ ის მალხაზ არქანიას მიერ მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით.

ვადასტურებ, რომ როცა სოციალური ქსელების მეშვეობით გასაჯაროვდა კობა ახვლედიანი სამსახურეობრივი დაწინაურებაზე ინფორმაცია, სადაც გამოქვეყნდა, ასევე, კობა ახვლედიანის ფოტოც, მალხაზ არქანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ეს ის კობა ახვლედიანი იყო რომელზედაც პროკურატურას 2012 წელს დაკითხვისას მიუთითებდა, როგორც ერთ-ერთი წამების ეპიზოში თანამონაწილე პირზე.

ჩემი პოზიცია კობა ახვლედიანთან მიმართებაში, როგორც მალხაზ არქანიას ინტერესების დამცველისა გახლავთ შემდეგი:

მე ვადასტურებ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მ. არქანიას მიერ ჩვენებაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მან 2012 წელს ქ. თბილისის პროკურატურის გამომძიებელს ჩვენების სახით მისცა, რომ ვინმე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კობა ახვლედიანი წამების ერთ-ერთი ეპიზოდის თანამონაწილეა, ასევე, ვადასტურებ ფაქტს, რომ მალხაზ არქანიამ სოციალურ ქსელში ნახა ატვირთული კობა ახვლედიანის ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილედ დაინიშვნაზე ინფორმაცია, რომელ ინფორმაციასთან ერთად ატვირთული იყო კობა ახვლედიანის ფოტოსურათი, მალხაზ არქანიამ ამ ფოტოსურათზე მიუთითა, რომ ეს ის პიროვნებაა, რომელიც 2011 წელს მეგის ქარდავასთან და სხვებთან ერთად წამების ერთ-ერთ ეპიზოდში იღებდა მონაწილეობას და რომელი ინფორმაციაც მან გამომძიებელს 2012 წელს ქ. თბილისის პროკურატურაში დაკითხვისას მიაწოდა.

ჩემი სამართლებრივი შეფასება გახლავთ შემდეგი:

სახელმწიფომ ქ. თბილისის პროკურატურის სახით არ იტვირთა პოზიტიური ვალდებულება ეწარმოებინა წამების საქმეზე ქმედითი გამოძიება.

1. “სიცოცხლის უფლება, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული უფლებაა, სახელმწიფოსაგან წარმოქმნის ნეგატიურ და პოზიტიურ ვალდებულებებს: ერთის მხრივ, ვალდებულებას – არ ჩაერიოს მასში და მეორეს მხრივ, ვალდებულებას – აქტიურად დაიცვას იგი. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ყველას სიცოცხლის უფლება (მიუხედავად მათი წარსულისა და მიდრეკილებებისა) და განახორციელოს შესატყვისი ღონისძიებანი მის დასაცავად და როცა ამ ვალდებულების იგნორირებით, სახელმწიფოს სახელით მოქმედი, ძალაუფლებით აღჭურვილი პირების მიერ ხდება ადამიანის სიცოცხლის უხეში და გაუმართლებელი ხელყოფა, სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა ხელყოფაში მონაწილე პირებმა თავიანთი როლისა და წვლილის გათვალისწინებით კანონის წინაშე აგონ პასუხი.”

მინიმუმ პროკურატურას ამ საქმეზე 2012 წელს დაზარალებულის მალხაზ არქანიას ჩვენების საფუძველზე ვალდებული იყო დაებარა და გამოეკითხა კობა ახვლედიანი, ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებთან დაკავშირებით.

მინიმუმ პროკურატურა ვალდებული იყო: როდესაც სახელმწიფო მოხელის წინაშე არსებობდა გონიბრული ეჭვი და კითხვები, წამებასა თუ არასათანადო მოპყრობაზე, მნიშვნელოვანი და აუცილებელიც იყო, კობა ახვლედიანი ჩამოეშორებინა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, სანამ მიმდინარეობდა გამოძიება.

2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე გეფგენი გერმანიის წინააღდეგ ((Gäfgen v. Germany), განაცხადი no. 22978/05, დიდი პალატის 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება), კვლავაც გაიმეორა, „რომ როდესაც სახელმწიფო მოხელეებს ბრალად ედებათ არასათანადო მოპყრობა, მნიშვნელოვანია, ისინი ჩამოშორებული იყვნენ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, სანამ მიმდინარეობს გამოძიება, ან მოხდება მათი გასამართლება, ხოლო მსჯავრდების შემთხვევაში, სამსახურიდან უნდა განთავისუფლდნენ“. ამ საქმეზე ევროპული სასამართლოსთვის ისიც კი არ იყო საკმარისი, რომ ბრალდებულები, საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის განმავლობაში, გადაიყვანეს ისეთ თანამდებობებზე, რომ უშუალო შეხება სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებასთან აღარ ჰქონდათ.

რაც შეეხება ჩემს შეფასებასა და პოზიციას კობა ახვლედიანის მიერ მალხაზ არქანიას მიმართებაში წამების ერთ-ერთ ეპიზოდში მის თანამონაწილეობაზე, გეტყვით რომ: მანამ სანამ ამ ფაქტზე არ არის ქმედითი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული, მანამ სანამ არ იქნება სამართლიანი ობიექტური განაჩენი ყოველთვის არის და იქნება ჩემთვის ნებისმიერი პირი უდანაშაულოდ მათ შორის კობა ახვლედიანიც” – წერს ადვოკატი ლექსო არქანია.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში 91 წლის ასაკში რუსი უფლებადამცველი, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი ლუდმილა ალექსეევა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაგარეო უწყებამ საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ერთობლივი განცხადება გაავრცელა