მოსაყდრე შიო : იმედია, დავით გარეჯის მონასტერები საქართველოს საზღვარში მოექცევა საბოლოოდ

პატრიარქის მოსაყდრე შიო დაკავებული კარტოგრაფების შესახებ კონკრეტულად არაფერს ამბობს, თუმცა სასიხარულოდ მიიჩნევს, რომ დავით გარეჯთან საზღვრის დემარკაციის პროცესი “ახალ ეტაპზე გადავიდა”.

როგორც სასულიერო პირი ამბობს, საქმეზე ძალიან მნიშვნელოვანი მასალებია მოძიებული და იმედოვნებს, რომ “დავით გარეჯის ორი მონასტერი საბოლოოდ საქართველოს საზღვრებში მოექცევა”.

“ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ ერთადერთი არის ძალიან სასიხარულო, რომ ახალ ეტაპზე გადავიდა ეს საქმე, მოძიებულია ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და იმედია, რომ დავით გარეჯის ეს ორი მონასტერი საქართველოს საზღვარში მოექცევა საბოლოოდ”, – აცხადებს მოსაყდრე შიო.

დავითგარეჯას საზღვრის დადგენის კომისიის წევრების დაკავების საქმეს დღეს, 11 ოქტომბერს გამოეხმაურა ეპისკოპოსი გრიგოლი. ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი ამბობს, რომ დავითგარეჯას და დაკავებული კარტოგრაფები საქმეზე საპატრიარქოს პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სინოდი ამ საკითხზე სხდომაზე იმსჯელებს. ეპისკოპოსის თქმით, საქმესთან დაკავშირებით მან მხოლოდ ის იცის, რაც მედიით ვრცელდება. რაც შეეხება დავითგარეჯას მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონის განცხადებებს იმის შესახებ, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქართველოს საზიანოდ მოქმედებდნენ – ეპისკოპოსი გრიგოლი ამბობს, რომ მან არ იცის, რა მოტივები და საფუძვლები აქვს არქიმანდრიტს და რომ გული დაწყდება, თუ დაკავებულებს პასუხისგებაში მხოლოდ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მისცემენ.

გარეჯის საქმეზე კომენტარი გააკეთა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც. ის, ერთი მხრივ ამბობს, რომ კარტოგრაფების საქმეზე სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, იქვე მიუთითებს, რომ საქმე ეხება არა კონკრეტული ადამიანების ღალატს, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებას. ხოლო “ვინ არის მოღალატე, სახელებს, ადრე თუ გვიან, ყველა გავიგებთ”.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ კი კომისიის მუშაობას არაერთხელ უწოდა მოღალატეობრივი.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

გამოძიება ამბობს, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დავით გარეჯთან საზღვრის დადგენის პროცესში არ გამოიყენეს სათანადო რუკები, რის გამოც კომპლექსის ნაწილი სხვა ქვეყანას [აზერბაიჯანს] მიეკუთვნა, რაც საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია. კარტოგრაფები კი აცხადებენ, რომ ის რუკა, რომლის გამოყენებასაც პროკურატურა ითხოვს, არაზუსტია და დაახლოებით 200-300 მეტრიან ცდომილებას იძლევა, შესაბამისად, მას მოლაპარაკების პროცესში ვერ გამოიყენებდნენ.

თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ “ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები”.

banner
წინა სტატიაშიმეუფე გრიგოლი: თუ ადამიანები მხოლოდ ამ ბრალდებით მიეცემიან პასუხისგებას, გული დამწყდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : დაველოდოთ გამოძიებას, ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავოთ