კახა კალაძე : დაველოდოთ გამოძიებას, ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავოთ

თბილისის მერი კახა კალაძე “არასერიოზულს“ უწოდებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებასთან და ასევე, გამოძიების ხელთ არსებული რუკების საქართველოში ჩამოტანასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირს.

აღნიშნული შეფასება კალაძემ ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად გააკეთა.

“დაველოდოთ გამოძიებას, ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავოთ და ყველაფერი იქნება გარკვეული. რა შუაშია ივანიშვილი?! – არასწორი ლოგიკაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

banner
წინა სტატიაშიმოსაყდრე შიო : იმედია, დავით გარეჯის მონასტერები საქართველოს საზღვარში მოექცევა საბოლოოდ
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე : თელავი ღვინის მსოფლიო დედაქალაქი იქნება, ჩვენი განაცხადი მიღებულია, გილოცავთ