მოქალაქეობის მინიჭების საკითხი – პრეზიდენტს უფლებამოსილება ეზღუდება

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. კომიტეტზე პრეზიდენტისთვის კიდევ ერთი უფლების შეზღუდვის საკითხს განიხილავენ. ახალი ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტს ეკრძალება იმ კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა, რომელმაც მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით სწორედ პრეზიდენტს უნდა მოუმზადოს კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით რეკომენდაციები.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა დანიშნოს კომისიის ხელმძღვანელი პირი და დააწესოს დღის წესრიგი, რაც კანონპროექტით ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული.

ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციასთან დაახლოებას არ ემსახურება და თუ ცვლილებები შევა, მაშინ კონსტიტუციასთან ჰარმონიზება არ მოხდება.

„პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად მცირდება. შემოთავაზებულ ცვლილებაში ჩვენ ვხედავთ, რომ კომისია, რომელიც ინსტრუმენტია და დამხმარე ფუნქცია აქვს, მას ჰყავს თავმჯდომარე და პრეზიდენტს ერთმევა თავმჯდომარის დანიშვნის უფლება. გთხოვდით, მიმითითოთ, კონსტიტუციის კონკრეტულად რომელი ჩანაწერი ამბობს, რომ თავმჯდომარის დანიშვნის უფლება უნდა წაერთვას პრეზიდენტს. თუ აქ ცვლილებები არ განხორციელდება, გამოდის, რომ ჩვენ კონსტიტუციასთან ჰარმონიზებას კი არ ვაკეთებთ კანონმდებლობის, პირიქით, გაცილებით უფრო ვცდებით იმას, რასაც კონსტიტუცია გვეუბნება.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გედევან ფოფხაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ კანონპროექტში ცვლილებების შეტანით ქვეყნის პირველი პირი უფლებამოვალეობას ბოროტად ვერ გამოიყენებს.

„დისკრეცია, როგორც ასეთი, პრეზიდენტის, მისცეს ან არ მისცეს ადამიანს ორმაგი მოქალაქეობა ან საერთოდ მოხდეს ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მიცემა, არ შეიძლება იყოს, ძალიან ფართო. ერთი რომელიმე ინსტიტუციის ხელში, თუნდაც, პრეზიდენტის ხელში დისკრეციის ფარგლებში ამის მოქცევა, ჩემი აზრით, სწორი არ იქნება იმიტომ, რომ ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, ამის ბოროტად გამოყენების საშუალება, ჩემი აზრით, არავის არ უნდა ჰქონდეს,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი მიხეილ სარჯველაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის კომისიის ხელმძღვანელის დანიშვნის უფლების ჩამორთმევა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეხედულების გატარებას ემსახურება.

„ბატონმა მიხეილმა ისაუბრა, რომ თურმე აღმასრულებელი ხელისუფლების ამოცანები უნდა შეასრულოს კომისიამ, სად წერია ეს კონსტიტუციაში, მაშინ შეცვალეთ კონსტიტუცია, არ გაგიჭირდებათ. შეცვალეთ, ჩამოართვით პრეზიდენტს უფლებამოსილება. ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ კონსტიტუციასთან არის შეუსაბამო, მაგრამ არ მიკვირს იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ და ეს სულისკვეთება, რომელსაც, სამწუხაროდ, ატარებს კანონპროექტი, მთლიანად არის ქალბატონი თეა წულუკიანის მსოფლმხედველობა. თუ არ ენდობით პრეზიდენტს, რა კომისია რომ კარგად იმუშავებს, მერე პრეზიდენტი თუ გაგიჟებული და არაკეთილსინდისიერი და ცუდი მმართველია სახელმწიფოსი, მერე რა შეუშლის მას ხელს, რომ ასევე ცუდი გადაწყვეტილებები მიიღოს,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილარსის გამშვებ პუნქტზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთული, სომხეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი 1500-მდე სატვირთო მანქანაა გაჩერებული
შემდეგი სტატიათბილისში ტექინსპექტირების ორი ახალი ცენტრი გაიხსნა