მნიშვნელოვანია, რომ ზურაბიშვილმა განახორციელოს ის პოლიტიკა, რასაც პარლამენტი განსაზღვრავს

ექსპერტ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ მან განახორციელოს ის პოლიტიკა, რომელსაც, კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტი განსაზღვრავს.

„არჩევნებმა აჩვენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა სრული მობილიზაცია სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის. სალომე ზურაბიშვილი ვალდებული იქნება, ქვეყნის საგარეო და საშინაო ასპარეზზე გაატაროს ის პოლიტიკა, რასაც პარლამენტი განსაზღვრავს. საგარეო პოლიტიკას, თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი, მთავრობა მას განახორციელებს, ხოლო პრეზიდენტი, კონსტიტუციის მიხედვით, ვალდებულია ეს პოლიტიკა სწორედ ამ ფარგლებში წარმოადგინოს. პრეზიდენტ მარგველაშვილსაც ჰქონდა პირადი მოსაზრებები, მაგრამ კონსტიტუცია ავალდებულებდა, ქვეყანა წარმოედგინა სწორედ იმ ჩარჩოების მიხედვით. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრჩეველთა ჯგუფმა, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან იმუშავებს, ჩამოაყალიბოს კონკრეტული პოზიციები, ამის შემდეგ ჩვენ ვნახავთ, რა პოზიციებს და რა ნაბიჯებს დააფიქსირებს სალომე ზურაბიშვილი საშინაო და საგარეო ასპარეზზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება დაუმორჩილებლობის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მაჭავარიანი არ თვლის, რომ ამ ეტაპზე საუბარი იყოს იმ ფართომასშტაბიან არეულობაზე, რაზეც არჩევნებამდე ოპოზიციური და სამთავრობო გუნდი საკუთარი მომხრეების მობილიზაციისთვის იყენებდა.

„ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიციური ძალები და მათი მომხრეები ცალსახად განწყობილნი არიან სწორედ არჩევნების გზით დააფიქსირონ თავისი უკმაყოფილება თუ პოზიცია. ადამიანების საკმაოდ დიდმა რაოდენობამ ხმა მისცა ოპოზიციურ ძალებს. ცხადია, რომ 2020 წლის არჩევნებამდე მთავრობას აღებული აქვს გარკვეული დრო, რომელიც მათ ამომრჩეველმა მისცა. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია ასევე დაელოდება იმას, თუ რამდენად კონსტრუქციული იქნება მთავრობა და რამდენად ეფექტიანი იქნება ის სოციალურ-პოლიტიკური, საგარეო თუ სხვა გამოწვევების მოგვარებაში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაში,,ამომრჩევლებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და ეს დადებითად შეფასდა, თუმცა ამან გააძლიერა ეჭვები დაშინების შესახებ”
შემდეგი სტატია,,ზურაბიშვილი ვერ გახდება ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ის საქართველოს მოსახლეობას არ აურჩევია”