,,მივმართავ უმრავლესობას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს მხარი არ დაუჭიროს და სისტემის გაწმენდა დაიწყოს”

სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის ამ მოსამართლეებს არაერთი უკანონო განაჩენი აქვთ გამოტანილი,- ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს. მისი თქმით, სასამართლო სისტემის სრული რეორგანიზაცია უნდა მოხდეს. მან საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანდიდატურებს.

ირმა ინაშვილის ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი შეიტანა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების გზით, მართლმსაჯულების რეორგანიზაციას შეეხება.

“ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტში შეიტანა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ორ მთავარ საკითხს შეეხება. პირველი – ეს დაკავშირებულია ნარკო-ლეგალიზაციის გაუქმებასთან და მეორე – სასამართლო სისტემის ძირეულ, ფუნდამენტურ რეორგანიზაციასთან საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების გზით.

მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ პოზიტიური ნაბიჯი გადადგა და განაცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან იხსნება, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. შესაბამისად, თემა და საკითხი აქტუალურობას არ კარგავს. მეორე საკითხი შეეხება მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეორგანიზაციას. მოგეხსენებათ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად კვლავ ჩინჩალაძეეების, გვრიტიშვილების კანდიდატურები წარუდგინა პარლამენტს. ამით პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უთხრა, რომ ის აგრძელებს სასამართლო სისტემის მურუსიზაციის გზას. ჩვენთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პროცესი. მოსამართლე ფასობს მის მიერ მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილებებით და ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის ამ მოსამართლეებს არაერთი უკანონო განაჩენი აქვთ გამოტანილი. ამიტომ, მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობას: არ დაუჭიროს უმრავლესობამ წარმოდგენილ კანდიდატურებს მხარი და დაიწყოს სასამართლო სისტემის გაწმენდა მსგავსი მოსამართლეებისგან,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

საბჭოს მიერ დასახელებული მოსამართლეობის კანდიდატები დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” 2020 წელს მოგიგებთ არჩევნებს და თუ გააყალბებთ დაგამხობთ მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაქუთაისში, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ქალი ორსული იყო