მივა თუ არა საქმე ვადამდელ არჩევნებამდე?

 მაჟორიტარები ივანიშვილს  აშანტაჟებენ?

სანახაობა ისედაც არ გვაკლია, მაგრამ მთავარი გართობა აწი იწყება -პროპორციულ სისტემაზე გადასვლამ ქვეყანა შეიძლება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანოს. იმისათვის რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, გადაწყვეტილება პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობამ უნდა მიიღოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა კი, მაჟორიტარი დეპუტატების გარეშე ვერ შეიკრიბება.

მაჟორიტარი დეპუტატები ბუნებრივია არ მიესალმებიან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ასეთ შემთხვევაში ბევრი მათგანი პარლამენტში ვეღარ მოხვდება. მმართველ პარტიას ძველებური რეიტინგი აღარ აქვს, ვეღარც პარლამენტში გაიყვანს ბევრ ხალხს და ამიტომაც გამსვლელ ადგილებზე მხოლოდ სანთლით შერჩეულ კანდიდატებს ჩასვამენ. დღევანდელი მაჟორიტარები კი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

ამას კარგად აცნობიერებენ რჩეულები. ათას პარტიაზე გადამხტრებმა გადაწყვიტეს საკუთარი უფლებების დასაცავად გაიბრძოლონ.

„თაიმერს“ „ოცნებასთან“ დაახლოებულმა წყარომ აცნობა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების დიდი ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. ამ შემთხვევაში კი პროპორციულ სისტემაზე ვერ გადავალთ. რასაც ოპოზიციის და ხალხის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვება. საზოგადოება დიდი ხანია ითხოვს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას. ამაზე „ოცნება“ მხოლოდ ამ ზაფხულს დათანხმდა, ისიც იმიტომ რომ ხალხის რისხვა ოდნავ მაინც გაენელებინათ.

„თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით, მაჟორიტარები იმაზეც გაბრაზებულები არიან, რომ მათ უკვე არავინ არაფერს აღარ ეკითხება. ისე აქამდეც მარტო ის ბრძენი კაცი წყვეტდა ყველაფერს, მაგრამ ფეოდალებად ქცეულ მაჟორიტარებს მაინც ეკითხებოდნენ რაღაცას. ახლა კი ისინი ყველამ დაივიწყა.

ყველასგან მივიწყებულებმა გადაწყვიტეს „ოცნებას“ და ბრძენ კაცს თავისი ძალა დაანახონ. ერთი შეხედვით ფულიანი ტომრების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ მთლად ასეთი ხელწამოსაკრავებიც არ არიან.  მმართველ პარტიასთან დაახლოებული წყარო გვიყვება, რომ მაჟორიტარების დიდი ნაწილი უარს ამბობს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარის დაჭერაზე.

დეპუტატებს ივანიშვილისთვის უარის თქმა რომ შეუძლიათ, ეს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის დროსაც გამოჩნდა. „ოცნების“ ორი დეპუტატი საერთოდ არ მივიდა სხდომაზე, ორმაც მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების წინააღმდეგ მისცა ხმა. ჩვენი წყაროს ცნობით, ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ მაჟორიტარები გარანტიებს ითხოვენ. ისინი ფაქტიურად აშანტაჟებენ ივანიშვილს.

იმ შემთხვევაში თუ საერთო ენის გამონახვა არ მოხერხდა, ცვლილებები ჩავარდება და საქმე შეიძლება ვადამდელ არჩევნებამდეც კი მივიდეს.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშირუსულ ტრაულერს ნორვეგიაში ცეცხლი უკიდია
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: დღეს კიდევ უფრო მეტად არის აუცილებელი ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა, ტირანიის, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით არ ჩანს