მირდატ ქამადაძის განცხადებით, საჯარო მოხელეები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, კონკრეტული საჯარო მოხელეების მხრიდან „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ხდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აუდიტის სამსახურს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, რომ საკითხის შესწავლა დროულად მოხდეს და შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს.

„როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლის 12 სექტემბერს, ”ქართულმა ოცნებამ” ბათუმსა და აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში წარადგინა მერობის კანდიდატები. ხსენებულ წინასაარჩევნო კამპანიაში ყოველგვარი კანონმდებლობის უხეში დარღვევით ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურს, რაც გამოიხატა შემდეგში: წარმოდგენილ ფოტომასალაში ნათლად ჩანს, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ”ფეისბუქ” გვერდზე, აჭარის უმაღლეს საბჭოს და ზურაბ პატარაძის ოფიციალურ ”ფეისბუქ” გვერდზე მიმდინარეობს ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის პიარი. მოგეხსენებათ, ამ ოფიციალური ”ფეისბუქ” გვერდების მართვაში იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა და იგი მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. ასევე, ხსენებული ორივე ინსტიტუტი ჩართულია ”ქართული ოცნების” პიარში. ასევე მნიშვნელოვანია რომ ამ აქციაში სხვა თანამდებობის პირებთან ერთად მონაწილეობას იღებს აჭარის განათლების მინისტრი ქალბატონი ინგა შამილიშვილი, რაც ასევე ნათლად ჩანს ფოტოებში. ყველაზე საგანგაშო ფაქტი გახლავთ ის გარემოება, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფში სასწავლო წლის დაწყებისას სკოლის მოსწავლეებს დაურიგეს ”ქართული ოცნების” დროშები და ისინი ასე შეხვდნენ სკოლის დაწყებას. ხელისუფლების და უშუალოდ განათლების სამინისტროს ვალდებულება გახლავთ ქვეყანაში განათლების ხარისხის ამაღლება, ნაცვლად ამისა, ხელისუფლებას სკოლის მოსწავლეები სასწავლო საათებში, გაკვეთილების მიმდინარეობისას ჩართული ჰყავს ”ქართული ოცნების” პიარში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელისუფლებას მოვუწოდებთ: ხელი აიღოს არჩევნების გაყალბების მცდელობაზე, მისცეს ამომრჩეველს ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება, დაუყოვნებლივ დადგეს აჭარის განათლების მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. მოვუწოდებთ აუდიტის სამსახურს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესწავლილი იქნას გამოვლენილი დარღვევები და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები”,- აცხადებს მირდატ ქამადაძე.

banner
წინა სტატიაში„ევროპულმა საქართველომ“ ზუგდიდის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ GEM fest-ის საქმეზე გიორგი სიგუას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს