მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა ნამდვილად გართულებულია, მას სჭირდება კვალიფიციური და ადეკვატური მკურნალობა – მინაშვილი

მიხეილ სააკაშვილი დაესწრება ხვალინდელ სასამართლო პროცესს და ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ცვლილებები, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად დამძიმებულია, მაგრამ კვალიფიციური მკურნალობის საშუალება არ ეძლევა.

„მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა ნამდვილად გართულებულია, მას სჭირდება კვალიფიციური და ადეკვატური მკურნალობა. სამწუხაროდ, ხედავთ როგორ იქცევა ხელისუფლება, რომელიც არ აძლევს ექიმებს საშუალებას, რომ შევიდნენ, ასევე, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს შესაძლებლობას არ აძლევს, რომ გაყვანილი იყოს სამკურნალოდ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის რეჟიმის მძევალი. ვითარება ნამდვილად დამძიმებულია და არ არის კვალიფიციური მკურნალობა, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, ის იქნება ხვალ სასამართლოზე. ჩვენი საუბარი შეეხებოდა თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ქვეყანაში ვითარება და მოხდეს ცვლილება, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა. ეს იქნება მისი ხედვა რა უნდა მოხდეს, რომ ვითარება შეიცვალოს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ და რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ამბიციური სახელმწიფო, სადაც ადამიანებს ექნებათ წარმატების საშუალება”, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი აცხადებს, რომ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის მახლობლად, ვინც დანებებას გადაწყვეტს, სამ ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის
შემდეგი სტატიაStarlink-ი უკრაინაში წარმომადგენლობით ოფისს ხსნის