მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება – ადვოკატი

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მეოთრე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განუცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტი მოინახულა.

როგორც თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან და სააკაშვილმა ისაუბრეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე და ასევე გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით ის ისევ სუსტად არის. თუმცა, როგორც მითხრა, მკურნალობის კურსი მიმდინარეობს სტაბილურად. შედეგის თვალსაზრისით, ალბათ, რამდენიმე დღეში ვნახავთ, როგორი მდგომარეობა გვექნება. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ბუნებრივია, მას აფასებს ისე როგორც არის, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი და არავითარი კავშირი მართლმსაჯულებასთან ამ სასამართლო წარმოებას არ გააჩნია. ამასთან, თვლის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატზე ზეწოლა, ამ ორგანოს პირდაპირი გაუქმება, რომელიც არ უშინდება პოლიტიკურ წნეხს, პირდაპირ ნიშნავს ქართულ სახელმწიფოებრიობაზე მორიგ მნიშვნელოვან დარტყმას.

ამჟამად ელოდება გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას. ფიქრობს, რომ შეხვედრა, ბუნებრივია, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, პროდუქტიული. შინაარსზე, ბუნებრივია, მე ვერაფერს მოგახსენებთ”, – განაცხადა თუთბერიძემ.

მისი თქმით, მარგველაშვილთან შეხვედრის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათი იქნება. “როგორც ჩემთვისაა ცნობილი, შეხვედრის დრო განსაზღვრულია 12:00 საათიდან 15:00 საათამდე. თუმცა, ესეც შესაძლებელია, რომ შეიცვალოს. ეს არის დრო, რომელიც განსაზღვრეს თავად პრეზიდენტებმა და შეუთანხმეს პენიტენციურ სამსახურსაც”, – განაცხადა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაშიესაა ღია გზავნილი დამოუკიდებელი ინსტიტუციების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან – ოპოზიცია ინსპექტორის გაუქმების კანონპროექტზე
შემდეგი სტატიასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების რეალური მიზეზი სააკაშვილის საქმეზე გამოძიების შეჩერებაა – ბოკუჩავა