მიხეილ სააკაშვილი დღეს დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნაზარ კულჩიცკის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს, რადგან ის არავის დაუბარებიან.

მანამდე, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ სააკაშვილს 24 საათიანი ვადა მისცა, რომ ის ნებაყოფლობით გამოცხადდეს სამართალმცავ ორგანოში, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ზომა იქნება მიღებული მის დაკითხვაზე მისაყვანად.

„ის არავის გამოუზახებია დაკითხვაზე, ამიტომ სააკაშვილი იქ მისვლას არ აპირებს. გენერალურ პროკურორს არ აქვს უფლება ტელევიზიის ეკრანებიდან დაიბაროს ადამიანი დაკითხვაზე,“- განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა.

გუშინ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს, თუმცა მხარდამჭერებმა ის მიკროავტობუსიდან დაიხსნეს. ბორკილდადებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გენერალური პროკურორის ბრალდებას ტყუილი უწოდა და მხარდამჭერებს მაიდანზე მშვიდობიანი აქციის გამართვისკენ მოუწოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. პროკურატურა მას ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის გუნდს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები აფინანსებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი, სერგეი კურჩენკო.

სააკაშვილისთვის წარდგენილი მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მესამე პრეზიდენტზე უკრაინამ ძებნა სამი მუხლით გამოაცხადა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : დეველოპერი, რომელიც არ დაიცავს კანონს, სათანადოდ აგებს პასუხს