მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ზაზა სარალიძის დაკითხვა დასრულდა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე დაზარალებული ზაზა სარალიძის დაკითხვა დასრულდა.

თავად ზაზა სარალიძეს პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მისმა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განცხადა, რომ დაცვის მხარე ცდილობს წარმოაჩინოს თითქოს მიხეილ კალანდია პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.

ლონდარიძის განცხადებით, სარალიძის დაკითხვისას მხარის მიერ საქმესთან შემხებლობაში კითხვების მხოლოდ 2-3 პროცენტი დაისვა.

“ჩემთვის ცნობილია, რომ კითხვების დაახლოებით 2-3 პროცენტი თუ იქნებოდა საქმესთან შემხებლობაში. დანარჩენი არის პოლიტიკური შინაარსის კითხვა დასმული. რატომღაც მხარე ცდილობს გადაიტანოს პოლიტიკურ ჭრილში, რომ მიხეილ კალანდია წარმოაჩინოს როგორც პოლიტიკური მოტივით დაკავებული. კითხვები დასმული იყო აქციებთან დაკავშირებით და მის მიერ “ფეისბუკზე” გაკეთებული სტატუსების გამო, რაც მიგვაჩნია, რომ არ არის საქმესთან შემხებლობაში.

ჩვენ ვემიჯნებით ასეთი კითხვების დასმას. ბოლომდე მივყვებით პროცესებს, ყველა პირი, რომელიც საქმესთან შემხებლობაში იყო, მათ შორის სამოხელეო დანაშაულში დამნაშავე პირები, რომლებიც იქნებიან გამოვლენილი, აუცილებლად მიეცემიან პასუხისგებაში. ამ პროცესებს მივყვებით ბოლომდე და მე, როგორც ადვოკატი ამ საქმეში ვიდგები ბოლომდე. ის, რომ მე პროცესებს არ დავესწრო ნამდვილად ვერ იქნება მიღწეული”,- განაცხადა ლონდარიძემ.

ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართავს, რათა პროცესებზე მისი დასწრება მოხდეს.

“აუცილებლად კიდევ ერთხელ მივმართავ სასამართლოს და მოვითხოვ, რომ როგორც დაზარალებული მხარის წარმომადგენელი, დავესწრო ყველა სასამართლო პროცესს. ვინაიდან ადვოკატის საჭიროება არის ის, რომ მიმდინარე პროცესებზე განმარტება მისცეს მხარეს და შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯები გადადგან. აქედან გამომდინარე, ყოვლად დაუშვებელია, რომ დაზარალებული წარმოდგენილი იყოს ადვოკატის გარეშე”,- განაცხადა ლონდარიძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით გრძელდება. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი კრამერზე: რა დებოში მოაწყო, გეუბნებით, რომ ბევრი რამე აქეთ უნდა ვასწავლოთ
შემდეგი სტატიავოლსკი ხაზარაძეზე: ლელო, საქართველო, პოეზია – მეტს მოველოდი