მეზვრიშვილი: “ოცნება” ჩვენი პარტიის წევრებს ავიწროებს

გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ მმართველი გუნდი მათ წევრებს და მხარდამჭერებს სისტემურად ავიწროებს, აშინებს, ემუქრება და პარტიის დატოვებას ამ ფორმით აიძულებს.

მეზვრიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს პოლიციას, სუს-ს, პროკურატურას, შემოსავლების სამსახურს და პარალელურად, აუქმებს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც ამ უწყებების დამოუკიდებლობას ისახავს მიზნად.

მან ზეწოლის კონკრეტული ფაქტები ჩამოთვალა:

  • ლაგოდეხის სოფელ მაწიმის მაჟორიტარობის კანდიდატი, აკაკი ლობჟანიძე, რომელიც ყვარელში კანდიდატად წარდგენის ცერემონიაზე მიდიოდა, გზიდან გაუჩინარდა. მასთან კონტაქტის დამყარება დღემდე ვერ შევძელით. ადამიანი, რომელიც დილით პარტიის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და გიორგი გახარიასთან ერთად ღონისძიებაზე უნდა ყოფილიყო, გაქრა.
  • 6 სექტემბერს, ყვარლის შტაბის უფროსს, ლაშა ალადოშვილს, რომელსაც მანამდე ძალოვანი სისტემის წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ, მანქანის ექვსივე სამაგრი დაუშვეს და ის ფაქტობრუვად, სასწაულით გადაურჩა სიკვდილს.
  • ახმეტის საკრებულოს სიის მე-17 ნომერმა ცეზარ მოსახლიშვილმა კანდიდატურა მოხსნა – მას 4 შვილი ყავს და დაემუქრნენ სოციალური დახმარების მოხსნით.
  • ყაზბეგის სოფელ გორისციხის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნათია ავსაჯანიშვილმა კანდიდატურა მოხსნა, ვინაიდან ზეწოლა განხორციელდა მის შვილზე.
  • საკრებულოს პარტიული სიის კანდიდატმა, ლელა გუჯარაიძემ მოხსნა კანდიდატურა – მისი ძმა დაცვის სამსახურში მუშაობს, მუქარაც ძმის მეშვეობით შეუთვალეს.
    კობის მაჟორიტარმა კანდიდატმა, მზია ჩქარეულმა მოხსნა კანდიდატურა. მუქარა აქაც ძმის საშუალებით განხორციელდა. ძმის შვილები სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.
  • სამსახურიდან გაუშვეს ლანჩხუთის მაჟორიტარობის კანდიდატის, გენო შარაბიძის მამა, პოლიციის თანამშრომელი დავით შარაბიძე, მხოლოდ და მხოლოდ შვილის პარტიული საქმიანობიდან გამომდინარე.
  • 7 სექტემბერს კანდიდატურა მოხსნა ხულოს სოფელ ხიხალძირის კანდიდატმა, ომარ აბაშიძემ – აჭარაში, სუს-ის ს ადგილობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თემურ აბაშიძის მიერ აქტიურად ხორციელდება ჩვენი კანდიდატების პოლიტიკური ნიშნით დევნა.
  • ფოთში, საკრებულოს უფროსის და მერის მოადგილეები საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს იბარებენ, გარეთ ატოვებინებენ ტელეფონს და ეუბნებიან, რომ საარჩევნო უბნებზე ბიულეტინების ფოტოები გადაიღონ და მათ მიუტანონ.
  • მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს რამაზ ფევაძის წინააღმდეგ, რომელიც ხელვაჩაურის პირველი ნომერია და ბიზნესსაქმიანობას ეწევა, არის დაკავების რისკის ქვეშ, კომპანიებში შემოსავლების სამსახური და საგამოძიებო სამსახური არის შესული.
  • ხაშურის მერობის კანდიდატზე, ზვიად ტეფნაძეზე სხვადასხვა ტიპის ზეწოლა და მუქარა ხორციელდება კანდიდატურის მოხსნის მიზნით.

    მეზვრიშვილმა თქვა, რომ იმ ადამიანების ეს არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ზეწოლა ხორციელდება.

ამავე დროს, მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები კანდიდატურას ხსნიან, პარტიასთან ყველანაირ კომუნიკაციას წყვეტენ.

 

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი: ოპოზიციამ მოაწერა ხელი შეთანხმებას და აიღო ვალდებულება, რომ მხარს დაუჭერდა ამნისტიას
შემდეგი სტატიადავით კეზერაშვილი: თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს