დავით კეზერაშვილი: თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს მისთვის უზენაესი სასამართლოს მიერ ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

„ივანიშვილის პირადი იურისტისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ხელით, უზენაეს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, კიდევ ერთი ნაბიჯია მისი მხრიდან, სასამართლო სისტემის საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ამოცანებზე მორგებისა.

მე ჩემი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია. სწორედ ეს პასუხისმგებლობა წარმოადგენდა და წარმოადგენს მთავარ მოტივს, წლების განმავლობაში, საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლის ნებისმიერი გამოვლინების აქტიური გულშემატკივარი და თანამდგომი ვყოფილიყავი – იქნებოდა ეს სამოქალაქო აქტივიზმი თუ ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი, დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული მედიასაშუალების მხარდაჭერა.

უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ სამარცხვინო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოში. თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს – მათსავე სასამართლოს ორ ინსტანციაში ჩემი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებებით გამართლებისა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საქმე ამგვარად შემოატრიალოს.

ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილია. სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დააშინებს ან დამაშანტაჟებს მე, ან ჩემს მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას.

ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მიმყარებს მოტივაციას, უფრო მეტი ენთუზიაზმით დავეხმარო თავისუფალ სიტყვას და ზოგადად თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში“, – წერს სოციალურ ქსელში დავით კეზერაშვილი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილს 2007-2008 წლებში წვრთნების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ადვოკატის თქმით, უზენაესმა სასამართლომ წვრთნების საქმეზე დავით კეზერაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

წინა სტატიაშიმეზვრიშვილი: “ოცნება” ჩვენი პარტიის წევრებს ავიწროებს
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას