მეუფე გრიგოლი – დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე „დამოკლეს მახვილივითაა“ ეკლესიის თავზე

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე „დამოკლეს მახვილივითაა“ ეკლესიის თავზე, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის საშობაო მიმართვაშია ნათქვამი.

მისვე განცხადებით, ეკლესიაში ე.წ. კრიზისის გარკვეული ნიშნებია.

„ჩვენ კვლავ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ ეკლესიაში ვხედავთ ე.წ. კრიზისის გარკვეულ ნიშნებს, რომელთა შორისაა თუნდაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, ტრაგიკული ამბავი, რომელიც „დამოკლეს მახვილივითაა“ ეკლესიის თავზე. საერთო ფონს, სამწუხაროდ, ამძაფრებს დაძაბული ურთიერთობები სასულიერო პირთა შორის, რაც მრევლის პოლარიზებას იწვევს; ეს მდგომარეობა მძაფრად წარმოჩინდება სოციალურ ქსელებზე დაკვირვებისას, ხოლო დროდადრო კი დაპირისპირებები თავს იჩენს ხოლმე საჯარო სივრცეშიც. არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი მაგალითების სპექტრი მომავალში კიდევ უფრო „მრავალფეროვანი“ გახდეს! ყოველივე ამის მიზეზებს კი ჩვენ ვხედავთ არა რომელიმე პიროვნების პირად, კერძო, ვიწრო პარტიკულარულ ინტერესებში, არამედ იმაში, რომ ჩვენ დღემდე ვერ შევძელით ერთიანი საკომუნიკაციო სივრცის შექმნა საერთო ღირებულებების ირგვლივ!“, – ნათქვამია მეუფე გრიგოლის საშობაო მიმართვაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, დღემდე ვერ შევქმენით ერთმანეთთან კომუნიკაციის იმგვარი საშუალებები, რაც თავიდან აგვაცილებდა ბევრ ისეთ პრობლემას, რომლებიც კომუნიკაციის არარსებობის შედეგად ჩნდება.

„ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მოსმენა, გამოთქმული აზრების ზუსტად გაგება და საღი აზრის პატივისცემა. საერთო ენის გარეშე ვერ შევძლებთ ერთმანეთის გაგებას, ვერც საერთო სარწმუნოებრივ და სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე შევთანხმდებით და ვერც ჩვენს წინაშე არსებული პრობლემებს გადავჭრით. ასევე, ვფიქრობთ, რომ სინოდთან არსებული დარგობრივი კომისიების გააქტიურება ხელს შეუწყობს საერთო მდგომარეობის გაჯანსაღებას და შესაძლებელს გახდის ერთიანი ხედვის შემუშავებას თანამედროვეობის იმ აქტუალური პრობლემების თაობაზე, რომელიც ეკლესიის წინაშე დგას. თუკი ეს მოხდა, მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ მეტად რთულსა და ეკლიან გზაზე!“ – ნათქვამია მეუფეს საშობაო გზავნილში.

banner
წინა სტატიაშიალილოს მონაწილეებს ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა
შემდეგი სტატია,,შეურაცხყოფა, ცილისწამება და ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა – ამ პრობლემას სჭირდება დაფიქრება და შესაბამისი ზომების მიღება”