მერიასა და საკრებულოში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა-ოპოზიციის შეფასებები

IDFI-ის კვლევას, სადაც საუბარია, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა და ანაზღაურება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, ოპოზიციასა და მმართველ გუნდში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

ოპოზიცია შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას ნეპოტიზმს უკავშირებს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, კალაძე დედაქალაქის მთავრობაში თავის ახლობლებს ასაქმებს და გარშემო თავის გუნდს იკრებს.

“შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომლების როგორც რაოდებობა, ისე ანაზღაურებაც გაზრდილია და ეს ცალსახად დაკავშირებულია იმასთან, რომ ასაქმებენ “ქართული ოცნების” აქტივისტებს, მეფობს ნეპოტიზმი. ახლობლები, ბიძაშვილები, ნათესავები – ეს კატეგორიაა დასაქმებული მერიაში და ამის ხარჯზეა გაზრდილი,” – აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლილე ლიპარტელიანი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო – თბილისის” თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ კახა კალაძე ბიუჯეტის ხარჯზე თავის გუნდს ასაქმებს. ამასთან გაბაშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ შტატგარეშე თანამშრომლებზე ნაკლები გარეკონტროლია და დამსაქმებლის მხრიდან მათი მართვის მეტი საშუალებაა.

“პირველ ეტაპზე ამის მიზეზი იყო, რომ კალაძემ მოიყვანა “თავისი გუნდი“ და არ გაუშვა ნარმანიას დასაქმებული ხალხი, უბრალოდ პარალელური ხალხი მოიყვანა და 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ანაზღაურება მისცეს. მერე მოეწონათ შტატგარეშე თანამშრომლების აყვანა, რომელზეც ნაკლები კონტროლია და ბევრად მეტი საშუალებაა მათი მართვის. პირად გუნდებს იკეთებს ბიუჯეტის ხარჯზე,” – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“სიდედრი ოჯახის წევრი არ არის”-თინა ბოკუჩავას კითხვას ლაშა ქოჩიაშვილი პასუხობს