მელია – ყოველდღე კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები გაიმართება

დღეს აქ რაც ხდება მონაგონი იქნება. ყოველდღე კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები გაიმართება და ბევრი სიურპრიზიც გელოდებათ! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სუს-თან გამართულ აქციაზე განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, რეჟიმის არსებობას ხანგრძლივი პერიოდი არ უწერია.

„ძალიან საჯაროდ განვუცხადეთ, რომ გადავდივართ ახალ, საპროტესტო ტიპის მოძრაობაზე, რომელიც გულისხმობს ყოველდღიურ აქციებს, ყველგან მისვლას მშვიდობიანად, სადაც ეს მკვლელები და დამნაშავეები იკრიბებიან. ეს წერა-კითხვის უცოდინარები – ლილუაშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე დასხდნენ და იფიქრეს, ამათმა მართლა ყოველდღე რომ დაგვიწყონ საპროტესტო აქციების გამართვა, ეს ხალხი საჯარო სამსახურებში, პოლიციაში დატყვევებული გვყავს, ეს პროტესტი კი დღეების, კვირების განმავლობაში გაგრძელდება, საფუძველს კი არ გვაძლევენ ეს პროტესტი ჩავკლათ, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებითო. ყველა დაინახავს, ერი და ბერი, საერთაშორისო საზოგადოებაც, რომ ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებს და გავტყდებითო, ამიტომ აქციის პირველივე დღეს დავიჭიროთ და რაც მეტს დავიჭერთ, უფრო შევაშინებთ ხალხს, რომ მეორე დღეს გარეთ არ გამოვიდნენო. მაგრამ დღევანდელმა სახელდახელო შეკრებამ დაადასტურა წერა-კითხვის უცოდინარო ლილუაშვილო, დაქირავებულო მკვლელო ღარიბაშვილო, რომ რეჟიმის არსებობას არ უწერია ხანგრძლივი პერიოდი. დღეს აქ რაც ხდება მონაგონი იქნება. ყოველდღე კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები გაიმართება და ბევრი სიურპრიზიც გელოდებათ!“ – განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: ეს კადრები არ არის უწყვეტი კადრები და მთავარი ძალადობის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის ამოჭრილი
შემდეგი სტატიახაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: შემოახიეს ტანსაცმელი, ახოხიალეს და ვერ გატეხეს