“მეგრელიშვილი – სინამდვილეში, ნიკა მელია მე მირეკავდა, გვინდოდა, მოლაპარაკებებზე ოპოზიცია ერთიანი ყოფილიყო და ნიკას ვთხოვეთ დახმარება”

სინამდვილეში, ნიკა მელია მე მირეკავდა, ჩემი ტელეფონი იყო, გვინდოდა მოლაპარაკებებზე ოპოზიცია ერთიანი ყოფილიყო და ნიკას ვთხოვეთ დახმარება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, „გირჩს“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან პოზიციის შეჯერება სურდა, რაში დახმარებაც ნიკა მელიას სთხოვეს.

„სინამდვილეში, ნიკა მელია მე მირეკავდა, ჩემი ტელეფონი იყო და ხმამაღალზე იყო ჩართული. პრობლემა არის არა კონკრეტული კონფლიქტი პოლიტიკოსებს შორის, არამედ მიზეზი, თუ რატომ არის ეს კონფლიქტი. მიზეზი არის ძალიან მარტივი, ჩვენ გვინდოდა, რომ ოპოზიცია ამ მოლაპარაკებებზე ყოფილიყო ერთიანი და ნიკას ვთხოვეთ ამაში დახმარება. სანაცვლოდ ნიკამ გვთხოვა, რომ შევრიგებოდით სხვა ოპოზიციონერებს. ჩვენ დავთანხმდით, მაგრამ მერე გამოვიდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რამდენიმე დღეში გაეუქმებინათ რაღაც მანდატები. ნიკამ გვითხრა, რომ არ გამოდისო, ხომ ხედავთ, აზრი არ აქვსო. ნუ თუ აზრი არ აქვს, ჩვენ იმ ხალხთან შერიგება კი არ გვინდოდა, ჩვენ გვინდოდა საქმის გაკეთება და პოზიციის გაგება, ვინ რა პოზიციაზეა ამ მოლაპარაკებების ბოლო შანსის წინ. სულ ეს იყო კონფლიქტის მიზეზი, არანაირი პიროვნული დაპირისპირება არ ყოფილა. ჩვენ არ მიგვაჩნია პიროვნული საკითხები პოლიტიკაში მნიშვნელოვნად და კონფლიქტები, რომელიც ჩვენ მოგვდის დაკავშირებულია საქმესთან.

არასასიამოვნო, მძიმე საუბარი იყო. ჩემ გვერდით არ დადგები, ესა, ისა და ეს საუბარი უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ, აღიქვათ მუქარად ან არ აღიქვათ. უბრალოდ შეუძლებელია, იაგო ხვიჩიას ასეთი საუბარი მუქარად აღექვა.

ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, რაც იმას ნიშნავს რომ ნებისმიერი ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება გვინდა ჩვენი იდეების გაჟღერებისთვის გამოვიყენოთ. როდესაც ასეთი უცნაური სიტუაციაა, როდესაც ქვეყანაში შეიძლება პარლამენტი არ გვქონდეს და ზოგადად, არაპროგნოზირებადი მდგომარეობაა ქვეყანაში, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ასეთ დროს თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავდაცვის უფლება. იცით, რომ ეს „გირჩის“ დიდი ხნის პოზიციაა და მაშინ, როდესაც ასეთი კონფლიქტები ხდება, იაგომ გამოიყენა იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეთქვა: აი, ჩვენ, პარლამენტარებს, დღეს გვაქვს იარაღის ტარების უფლება, ამის უფლება, იმის უფლება და ეს უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქეს, რათა არავინ აზრად არ გაივლოს ძალადობა. ზოგადად, ასეთი საზოგადოებისთვის ვცდილობთ „გირჩი“ ყველაფრის გაკეთებას, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, „გირჩის“ სურვილია ოპოზიციის გაერთიანება და საერთო აზრზე ჩამოყალიბება. ამასთან, მეგრელიშვილის თქმით, მათ სურდათ გაერკვიათ, რამ გამოიწვია გაუგებრობები „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, მისივე თქმით, ნიკა მელია ამ უთანხმოების მოგვარებას ცდილობდა.

„სინამდვილეში, ნიკასთან საუბარი გვქონდა, რომ მოდი, ოპოზიცია მთლიანობაში გავერთიანდეთ, რათა მოლაპარაკებებზე მივიდეთ ერთიანი პოზიციით. მას შემდეგ, რაც ჩვენ ლაპარაკი დავიწყეთ, მოდი ახლა მართლა ვთქვათ, აი, გიორგი ვაშაძესთან რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, „ევროპულ საქართველოსთან“ რატომ მოხდა, ახლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რა ხდება. ეს ყველაფერი ხომ ერთი და იმავე თემიდან გამომდინარე პრობლემებია და მოდი, ვთქვთ რა პოზიციები გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით საჯაროდ, რადგან თუ კრიზისი მოვიღეთ, შემდეგ აუცილებად იქნება დაბრალება, ვის რა როლი ჰქონდა ამ კრიზისის გამოწვევაში. ჩვენ გვინდა რომ ნათელი იყოს ეს პოზიციები. ხოდა რომ ვიკრიბებით ხოლმე, ჩვენ არ დაგვპატიჟეს. მას მერე კონფლიქტი დაიწყო, რადგან ჩვენ გავაგრძელეთ საუბარი და ვთქვით, რომ მოდი ვისაუბროთ, მოლაპარაკების მაგიდასთან რა პოზიციები გვაქვს თითოეულ პარტიას. ამ დროს დაიწყო ჩვენ მიმართ ასეთი უცნაური გაუგებრობები, ჯერ ერთი არ დაგველაპარაკა, მერე ვიღაცებმა განგრენა დაგვიძახეს, ნიკა იდეაში ცდილობდა ამის ადამიანური თვალსაზრისით მოგვარებას, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ ჩვენ ერთიანად არ შეგვიძლია ერთამენთთან ვილაპარაკოთ და პოზიცია ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილორთქიფანიძე: პენიტენციურ დაწესებულებებში სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს
შემდეგი სტატიაკაპანაძე: ერთადერთი, რისიც ივანიშვილის მთავრობას ეშინია ხალხის ძალის ნახვაა