მაჟორიტარული ოლქების საზღვრებზე სარჩელი საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 21, 2016 01:27

მაჟორიტარული ოლქების საზღვრებზე სარჩელი საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

sakonstitucia-sasmartlo2016 წლის 20 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, 110-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 1101 მუხლის მე-3 – 42-ე პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 50-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

სადავო ნორმები ადგენენ საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შესაქმნელი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებს. ამასთანავე განსაზღვრავენ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების რაოდენობას თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში. ხსენებულ მუნიციპალიტეტებში საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის უფლებამოსილება გადაცემულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული საარჩევნო ოლქების საზღვრები წარმოადგენს საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების ე.წ. „ჯერიმანდერინგის“ შემთხვევას. მათი აზრით, საზღვრები დადგენილია ისე და იმ მიზნით, რომ ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენოს მმართველი პოლიტიკური ძალა. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ წინა არჩევნების შემდგომ პერიოდში სარჩევნო ოლქების გაერთიანება და მათი საზღვრების შეცვლა განხორციელდა პოლიტიკური პარტიების მიერ წინა არჩევნებზე ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, რაც ამცირებს მოსარჩელე მხარის არჩევნებში წარმატების შანსებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის, საარჩევნო ოლქების საზღვრების ანალიზის საფუძველზე არ იკვეთება საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებდა, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საარჩევნო ოლქის საზღვრების დადგენის უფლებამოსილების ცესკოსათვის მინიჭება შეიცავს საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების საფრთხეს, ვინაიდან კანონი არ განსაზღვრავს ცესკოსათვის საკმარის სახელმძღვანელო კრიტერიუმებს ამ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ცალკეული მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის უფლებამოსილება, თავისთავად, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. ამავე დროს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობის გადაწყვეტისას საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეთა ხმები თანაბრად გაიყო. სასამართლოს ოთხმა წევრმა (მოსამართლეები: გ. პაპუაშვილი, მ.კოპალეიშვილი, ქ. ერემაძე, კ. ვარძელაშვილი) მხარი დაუჭირა სარჩელის დაკმაყოფილებას და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ აღჭურავს რა ცესკოს შესაბამისი განჭვრეტადი კრიტერიუმებით, არ გამორიცხავს ცესკოს მიერ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით დადგენის საფრთხეს. ხოლო ოთხმა წევრმა (ზ. თავაძე, ლ. ფაფიაშვილი, თ. ცაბუტაშვილი, ო. სიჭინავა) – მხარი დაუჭირა არდაკმაყოფილებას იმ მოტივით, რომ ცესკოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია იდავოს ცესკოს განკარგულების კონსტიტუციურობაზე და ცესკოს განკარგულების კონსტიტუციური კონტროლი აღმოფხვრავს მისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტებს. შესაბამისად, ხმების თანაბრად გაყოფის შედეგად, სადავო ნორმა კონსტიტუციასთან შესაბამისად ითვლება კანონის კონსტიტუციურობის პრეზუმფციის ძალით.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 21, 2016 01:27