მასწავლებლებს, ექიმებსა და ადვოკატებს ვალდებულება დაეკისრებათ, ძალადობის ფაქტების შესახებ სამართალდამცველებს აცნობონ

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შესაბამისად, იმ პირთა წრე ფართოვდება, ვისაც შეუძლია, სამართალდამცველებს ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, მასწავლებლებს ვალდებულება დაეკისრებათ, ძალადობის მსხვერპლი მოსწავლეების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს აცნობონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პაკეტით ზოგიერთი პროფესიის ადამიანი იძენს ახალ ვალდებულებებს, მაგალითად, მასწავლებლები. ამ პროექტების დამტკიცების შემთხვევაში, მასწავლებელს გაუჩნდება ვალდებულება, რომ დირექტორის მიერ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ პირს აცნობოს, როდესაც ნახავს, რომ მის წინაშეა ბავშვი, ან თუნდაც მშობელი, რომელიც ძალადობის ნიშნებს ატარებს.

დღეს მასწავლებელს არ აქვს ამგვარი ვალდებულება და ძალიან მიხარია, რომ განათლების სამინისტრომ მყარად დაუჭირა მხარი ამ ვალდებულებების შემოღებას მასწავლებლებთან მიმართებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მასწავლებელი ხედავს, რომ ბავშვი სკოლაში ნაცემი მიდის, მაგრამ არ აქვს ვალდებულება, პოლიციას შეატყობინოს.

„ეს უკვე ვალდებულება იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე დანაშაულის დაფარვასთან გვექნება“, – აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრს თქმით, მსგავსი ვალდებულება ექიმებსა და ადვოკატებსაც დაეკისრებათ.

„ადვოკატებს, ექიმებსა და იმ სხვა პროფესიის ადამიანებს, რომელთაც კონფიდენციალობის დაცვა ევალებათ, ვაკეთებთ გამონაკლისს და ვამბობთ, რომ ამ პროფესიის ადამიანებს, კონფიდენციალურობის ვალდებულება არ შეზღუდავთ, ძალადობის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდონ.

ექიმი, რომელიც პაციენტის გასინჯვისას შეამჩნევს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია, ექნება შესაძებლობა, ამის შესახებ სამართალდამცველებს აცნობოს ისე, რომ არ ჩაითვლება, რომ მან ექიმის სამედიცინო საიდუმლოება დაარღვია. იგივე შეეხებათ ადვოკატებს – შეეძლებათ აცნობონ პოლიციას ისე, რომ პროფესიული საიდუმლოს გაცემად არ ჩაეთვლებათ“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიშემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისთვის მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება უქმდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, გია ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემით „თავი არ შეირცხვინოს“