მართლა განგრენა ვართ აფხაზეთი საქართველოსი? რატომ არავინ არ გვაქცევს ყურადღებას?” – გალის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გალში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა. ადგილობრივები საზღვრის ჩაკეტვის გამო უკმაყოფილოები არიან.

გალში ამბობენ, რომ საზღვრის ჩაკეტვის გამო, საკვებ პროდუქტებთან ერთად, მედიკამენტების მარაგიც ამოიწურა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

„სოფელში არის უკვე, თითქმის, გამოუვალი მდგომარეობა საკვების მხრივ. ჩემს ბავშვს დღეს უკბინა კატამ, აცრის საშუალება აქ არ არის, საზღვარზე არავინ არ გვატარებს. მივწერე ძალიან ბევრ ორგანოს, მთავრობის გვერდზეც მივწერე, დავრეკე. ყველა მეუბნება, რომ პასუხი იქნება, დაახლეობით, 10 დღეშიო. ათი დღე რას გვიშველის, ათ დღეში ჩვენ თუ აქ შიმშილმა ან დაავადებამ მოგვკლა ან მსგავსმა, 10 დღის მერე გავცე შვილს პასუხი?.. ვინმე რატომ არ რეაგირებს ამ თემაზე, საზღვარი ჩაიკეტა და მორჩა ამით ყველაფერი? მართლა განგრენა ვართ აფხაზეთი საქართველოსი? რატომ არავინ არ გვაქცევს ყურადღებას?“ – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ ცხელი ხაზი ამოქმედებულია და უყურადღებოდ არცერთი ზარი არ რჩება.

საოკუპაციო რეჟიმმა როკის გვირაბი და ენგურის ხიდი ჩაკეტა. მოქალაქეები, რომლებსაც სურთ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, ამბობენ, რომ რიგში დგომა დღეების განმავლობაში უწევთ. ისინი კორუფციულ ფაქტებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ე.წ. მესაზღვრეები მათ საოკუპაციო ხაზის გადასაკვეთათ 300 ლარს სთხოვენ.

ე.წ. საზღვარი ჩაკეტა ოკუპირებულმა ცხინვალმაც. მიზეზად კი გრიპის ვირუსი სახელდება. ადგილზე არსებული ვითარება კი, მოსახლეობის თქმით, კატასტროფულია. აფხაზეთი და ცხინვალი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ მამუკა ბახტაძეს 22 მარტს საპარლამენტო სესიაზე იბარებს
შემდეგი სტატია“არცერთ შემთხვევას უყურადღებოდ არ ვტოვებთ” – ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე ვითარებაზე