მალგოჟატა გოშევსკა – წინასაარჩევნო პროცესში ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

პოლონეთის სეიმისა და სენატის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის, მალგოჟატა გოშევსკას ინფორმაციით, საარჩევნო კომიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შედეგად მოიპოვეს ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნო პროცესში ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მისი შეფასებით, ამ ტიპის მოქმედებებს შეიძლება, არჩევნების საბოლოო შედეგზე ზეგავლენა მოეხდინა. შესაბამისი ანგარიში სადამკვირვებლო მისიის წევრებმა დღეს წარმოადგინეს.

“ჩვენი ყურადღება მიიპყრო თვითონ საარჩევნო უბნების მიმდებარედ არსებულმა ატმოსფერომ, იმ აგიტაციამ, რომელიც იქ იყო გამეფებული. მინდა გითხრათ, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საკუთარ თავზე განიცადეს აგრესიული მოპყრობა, რომელსაც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდა ადგილი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ასეთი შეხება ასეთი ტიპის აგრესიასთან, რომელიც სენატისა და სეიმის დეპუტატებს დაატყდათ თავს”,- აღნიშნა მან.

ამასთან, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმისა და სენატის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ საარჩევნო სიები საარჩევნო უბნებზე მხოლოდ ქართულ ენაზე იყო გამოკრული და შეიძლება, ეს საარჩევნო ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო. მისივე თქმით, სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა საარჩევნო უბნების მიმდებარედ არასრულწლოვნების აქტიურობა, რაც საარჩევნო პროცესზე დადებითაც არ აისახა.

“პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს ის, რომ პროცესში სხვადასხვა დამკვირვებელი მონაწილეობდა, თუმცა ამ პროცესშიც გარკვეული გადაცდომები იყო. ჩვენ ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დამკვირვებლები ზოგ შემთხვევაში სხვადახვა ისეთ პროცესში მონაწილეობდნენ, როგორიც ხმის დათვლის პროცესია. გარდა ამისა, საარჩევნო უბნებზე შეინიშნებოდა ზოგიერთი კომიტეტისა და ჯგუფის წარმომადგენლების სიმრავლე. იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურამდე დარჩენილი დრო და ამ ტურამდე ჩატარებული სამუშაოები დაგვიდასტურებს იმას, რომ საქართველო ისევ მყარად ადგას იმ გზას, რომელიც დიდი ხნის წინ დაისახა და ეს არის ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებსა და ნატოში”,- აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაში“ძალიან ხომ არ ბლატაობო? დამემუქრა” – მარნეულში გაერთიანებული ოპოზიციის წევრს “ოცნების”აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატიაგაერთიანებული ოპოზიციის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებში ხმათა 39.2% მიიღო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 37.6%