მაკა ასათიანი დამოუკიდებელი მაუწყებლობის დაწყების შესახებ ილია კიკაბიძის გადაწყვეტილებას იწონებს

“მაესტროს” ერთ-ერთი მეწილე მაკა ასათიანი დამოუკიდებელი მაუწყებლობის დაწყების შესახებ ილია კიკაბიძის გადაწყვეტილებას იწონებს.აღნიშნულთან დაკავშირებით მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს:

“გავეცანი ილია კიკაბიძის განცხადებას დამოუკიდებელი მაუწყებლობის დაწყების შესახებ და მინდა განვაცხადო, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად გასაგები და მისაღებია.

ჩემთვის ცნობილია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც დაიწყო რეიდერული შეტევა “მაესტროზე”, ილია კიკაბიძე, როგორც “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი, თავს იკავებდა აემოქმედებინა თავისი ლეგიტიმური უფლებები “მაესტროს” ლოგოზე და ასევე დამოუკიდებელი ტელეარხის ავტორიზაცია, რომელიც დიდი ხანია გააჩნია მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი არ შეშლოდა მაუწყებლობას.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ხელების გადაგრეხვით და სრულიად უკანონოდ გიორგი გაჩეჩილაძემ მოიპოვა “მაესტროს” საკონტროლო პაკეტი, ამჟამად კი ახალი დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე არაორაზროვნად აცხადებს, რომ აკეთებს ახალ ტელევიზიას, ახალ ადგილას, ბუნებრივია, რომ “მაესტროს” გადარჩენისათვის ბაჩო კიკაბიძის მხრიდან გადადგმული იქნეს ეს სამართლიანი ნაბიჯი. მით უფრო სასიხარულოა, რომ მან თანამშრომლობისათვის მიმართა მამუკა ღლონტსაც.

ვინაიდან მეც ვთვლი, რომ აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი “მაესტროს” გადასარჩენად, ვაცხადებ მზადყოფნას და თანხმობას, რომ გადავცე ბაჩო კიკაბიძის ტელეკომპანიას შენობა ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის”, – აცხადებს მაკა ასათიანი.

banner
წინა სტატიაშიქართულმა მხარემ აფხაზეთსა და ცხინვალთან პატიმრები გაცვალა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი კონფლიქტის ზონაში პატიმრების გათავისუფლების ფაქტს მიესალმება