მადლობელი ვარ ევროკომისიის ინიციატივისთვის, შექმნას ევროპული პლატფორმა უკრაინის აღსადგენად, თუმცა ჩვენ გთავაზობთ აღდგენის საკუთარ გეგმას – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუგანოში მიმდინარე უკრაინის აღდგენის კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ონლაინრეჟმში სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ომის შედეგად განადგურებული რეგიონების აღდგენის საკუთარ ხედვაზე ისაუბრა და რეფორმების გატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

უკრაინის ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირს უკრაინის აღდგენის კოორდინაციის პლატფორმის ინიციატივისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის რეკონსტრუქციის ყველა გეგმა უნდა ეფუძნებოდეს აღდგენის ეროვნულ გეგმას.

„მადლობელი ვარ ევროკომისიის ინიციატივისთვის, შექმნას სპეციალური ევროპული პლატფორმა უკრაინის აღდგენისთვის, თუმცა ყველა ინიციატივა, გეგმები, ამბიციები ერთიან სისტემაში უნდა იყოს…ამიტომ უკრაინა გამოდის აღდგენის საკუთარი ეროვნული გეგმის შეთავაზებით, რომლის ფუნდამენტზე შესაძლებელი იქნება ყველა ინიციატივის განხორციელება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ქვეყნის აღდგენის მთავარ პრინციპებს შორის ზელენსკიმ დაასახელა უსაფრთხოება, ტექნოლოგიები, ეკოლოგიური სტანდარტების დაცვა, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენება, მაქსიმალური გამჭვირვალობა და აღდგენის პროექტის დანერგვა უკრაინის რეალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რაც მოითხოვს რეფორმების შესრულებას.

„სრულფასოვანი წევრობის მიღებისკენ სვლა ითვალისწინებს რეფორმებს, თუმცა უკრაინის აღდგენა ასევე ითვალისწინებს რეფორმებს. ჩვენ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინსიტუტები, განვაახლოთ ცხოვრების სტანდარტები. ჩვენი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინა გახდეს არა მხოლოდ ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ევროპაში, ყველაზე მოსახერხებელი საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად, არამედ, ასევე ჩვენ მათ შორის, ვინც ევროკავშირისკენ მიისწრაფოდა, ყველაზე სწრაფად შევასრულოთ სამუშაოს პოლიტიკური ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის აღსადგენად საჭიროა ახალი მარშალის გეგმა – ტრასი
შემდეგი სტატიაოკუპირებულ მარიუპოლში მოსახლეობა წამლების ნაკლებობისა და უექიმობის გამო იღუპება