ლონდა თოლორაია: ვადასტურებ, რომ კიდევ ერთმა 15 წლის ბავშვმა მიიყენა თვითდაზიანებები

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ დაადასტურა, რომ კიდევ ერთმა, 15 წლის მოზარდმა თვითდაზიანებები მიიყენა.

“ვადასტურებ, რომ 15 წლის მოზარდმა მიიყენა თვითდაზიანებები”, – თქვა მან.

თოლორაიასვე თქმით, დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი ამ ეტაპზე ერთადერთია, ვის მიმართაც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, გამოძიება გრძელდება.

“გამოძიება გრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ მართლა 24-საათიან რეჟიმში. ამ ეტაპზე იყო ამ 1 პირის დაკავების საფუძველი. დაკავებას სჭირდება თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ნებისმიერი პირი, ვის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არავინ არ მოერიდება მათ დაკავებას”, – თქვა სახელმწიფო ინსპექტორმა.

ლონდა თოლორაია პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს ხვდება. ინსპექტორმა კომენტარი სწორედ ამ შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

მანამდე “მწვანე სკოლის” დირექტორმა, ბექა დავითურმა არ უარყო, რომ შსს კიდევ ერთი მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეს იძიებს.

რაც შეეხება დაღუპულ მოზარდს – 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იმავე დღეს, მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება სსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : შს მინისტრმა პოლიტიკურად უნდა აგოს პასუხი სისტემურ დანაშაულზე, უნდა გადადგეს
შემდეგი სტატიასაქართველოში გერმანიის ელჩმა ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა