აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პრინციპული ბრძოლის მხარდაჭერას, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-19 სხდომაზე განაცხადა.
ლოიდ ოსტინი, რომელიც საავადმყოფოდან გუშინ გამოწერეს და უფლებამოსილების შესრულებას სახლიდან განაგრძობს, სხდომაზე სიტყვით დისტანციურად გამოვიდა.
„კრემლი კვლავ დებს ფსონს იმაზე, რომ ჩვენ, ყველა დავკარგავთ ინტერესს უკრაინისადმი, რომ ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდება და შემცირდება, თუმცა მე მტკიცედ ვარ განწყობილი, როგორც არასდროს და ვიცი, რომ თქვენც. ეს საკონტაქტო ჯგუფი რჩება მტკიცე, შეუპოვარი და მყარი. ეჭვი არ შეგეპაროთ, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და ამერიკა გააგრძელებს პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
თავდაცვის მდივნის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა საკონტაქტო ჯგუფის წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის.
„პუტინის გაუმართლებელი აგრესიის ომი წარმოადგენს მასობრივ გამოწვევას უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. კრემლის ინტერვენცია არის პირდაპირი თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი შრომით მოპოვებულ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც გმობს აგრესიას, იცავს სახელმწიფო სუვერენიტეტს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. ასე რომ, პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის შედეგები დაეხმარება მომავალი ათწლეულების გლობალური უსაფრთხოების განსაზღვრას“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა