სტოლტენბერგი: უკრაინელებმა შეძლეს სერიოზული ზიანის მიყენება რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის, ეს არის დიდი მიღწევა

“უკრაინელებმა შეძლეს სერიოზული ზიანის მიყენება რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის“, – ასე ეხმაურება ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მორიგი რუსული სადესანტო ხომალდის, “ცეზარ კუნიკოვის” განადგურებას.

“ეს არის დიდი მიღწევა, დიდი გამარჯვება” – ამბობს სტოლტენბერგი.

მისივე თქმით, უკრაინამ შეძლო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკან დახევა და საზღვაო დერეფნის გახსნა:

“ასე რომ, ახლა უკრაინას შეუძლია მარცვლეულისა და სხვა საქონლის ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე. სულ რამდენიმე თვის წინ ცოტას სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი რეალურად ხდება, მიუხედავად რუსეთთან შეთანხმების არარსებობისა. ეს აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარებსა და კომპეტენციას. ეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ქმედებების, უნარების, გამბედაობის შედეგია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ნატოს მოკავშირეების დახმარება და მხარდაჭერა“. თქვა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, უკრაინელებმა შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურეს. ინფორმაცია ოფიციალურმა კიევმა დაადასტურა. გემზე თავდასხმა საზღვაო დრონებით ყირიმში მდებარე ქალაქი ალუპკასთან ახლოს მოხდა და დაზიანების შემდეგ, გემმა ჩაძირვა დაიწყო.

ცნობილია რომ “ცეზარ კუნიკოვი” 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომშიც მონაწილეობდა. ეს არის რიგით მეოთხე რუსული სადესანტო ხომალდი შავი ზღვის ფლოტიდან, რომელიც ჩაიძირა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა აფხაზურ ბატალიონ “პიატნაშკას” მეთაურის წინააღმდეგ საქმე აღძრა
შემდეგი სტატიალოიდ ოსტინი – ეჭვი არ შეგეპაროთ, აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას