ლილუაშვილი – პოლიტიკური ზეწოლების ის ნიაღვარი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობდა წინასაარჩევნოდ ეს ნიაღვარი გრძელდება დღესაც

„პოლიტიკური ზეწოლების ის ნიაღვარი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობდა წინასაარჩევნოდ ეს ნიაღვარი გრძელდება დღესაც.ზეწოლა, მუქარა, ტერორი ყველა იმ მეწარმის, ადამიანის მიმართ, ვინც გამოიჩენს ჩვენი მხარდაჭერის სურვილს“ – ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის სხდომაზე.

ლილუაშვილის თქმის დღევანდელი ხელისუფლება ჩაბღაუჭებულია ძალაუფლებას და ცხრა წლის თავზე ქართული ოცნებიდან ტყუილი და სიძულვილი დარჩა.
„ერთი წამით შეჩერდით, თავი დაანებეთ ამ ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებას და უბრალოდ იქნებ მოახერხოთ და გაიაზროთ როგორ სახელმწიფოს აშენებს დღეს ოცნება?! რა ჰქვია სახელმწიფოს, სადაც ფაქტობრივად მოშლილია ყველა ინსტიტუტი? რა ჰქვია სახელმწიფოს, სადაც მმართველი პარტია, რომელიც ხელისუფლებაშია მხოლოდ ტყუილით პასუხობს ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს, მხოლოდ სიძულვილით მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ? ტყუილი და სიძულვილი, სამწუხაროდ, აი, ეს არის ის, რაც დარჩა „ქართული ოცნებიდან“ მე-9 წლის თავზე. ყველა მიღწევა, რისთვისაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მივაღწიეთ აღარ არსებობს. ამას გვითითებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც თქვენ ცალკეულ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ინდივიდებს ეძახით და არა ამ ქვეყნის დასავლური მომავლის მხარდამჭერებს. ვინ არის ცალკეული ინდივიდი, ევროკავშირის ელჩია ცალკეული ინდივიდი, როდესაც ამბობს, რომ სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე? როდესაც ამბობს, რომ ბოლო არჩევნები ეს იყო გაშვებული შესაძლებლობა? ტყუილების, ძალადობის, პოლიტიკური ზეწოლების ის ნიაღვარი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობდა წინასაარჩევნოდ მხოლოდ და მხოლოდ ამტკიცებს, რომ ძველი, „ნაციონალური მოძრაობისეული“ საშუალებები, თქვენთვისაც ამართლებს იგივე მიზანს, რომ შეინარჩუნოთ ძალაუფლება, განახორციელოთ რევანში“ – აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

ლილუაშვილის თქმით, მმართველი ძალა განაგრძობს ტერორს და დაშინებას იმ მეწარმეების და ადამიანების მიმართ, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის“ მხარდაჭერას გამოხატავენ.

„შედეგი ამ ყველაფრის არის ის, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ის ძალაუფლება, რაც ოცნებას აქვს. თქვენ არ გაინტერესებთ ის შედეგი, რაც არის ამ ძალაუფლების, ეს ნიაღვარი გრძელდება დღესაც,ზეწოლა, მუქარა, ტერორი ყველა იმ მეწარმის, ადამიანის მიმართ, ვინც გამოიჩენს ჩვენი მხარდაჭერის ნიშანს. ფინანსური პოლიცია იქნება, სუსი თუ პოლიცია იქნება ქვეყანაში, რომლის ძირითადი მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია ამ ინსტიტუტების რესურსი მომართულია დაშინებაზე, პოლიტიკურ ტერორზე ჩვენი მხარდამჭერი ადამიანების მიმართ.

როდესაც ადამიანები, რომლებმაც ხმა უნდა მისცენ ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში, გამოდიან და ამბობენ, რომ მთელი ისტორიის მანძილზე საქართველო დღეს დგას ყველაზე უკან ევროკავშირთან მიმავალ გზაზე, ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა მმართველ ძალას და „ქართულ ოცნებას“ გეკისრებათ.

როდესაც მოქალაქე, რომელმაც დღეს საერთოდ დაკარგა რწმენა ხელისუფლების, რომელიც თქვენ დაივიწყეთ, ცდილობს ყოველდღიურად ერთის მხრივ ფიზიკურად გადარჩეს კოვიდიდან გამომდინარე და გადაარჩინოს მისი ოჯახი და მეორეს მხრივ გადარჩეს სიღატაკისგან და სიღარიბისგან, როდესაც მაღაზიაში შედის ლუკმა-პურისთვის – ვფიქრობ, რომ ესეც თქვენი პასუხისმგებლობაა.
თქვენ მოახერხეთ და დაამარცხეთ ქართული სახელმწიფო და ამ ქვეყნის მოქალაქეები. ეს არის ის რეალობა, რომელსაც თქვენ დაინახავთ, თუკი ორი წუთით მორჩებით ძალაუფლების ჩაბღაუჭებას და შეხედავთ იმ სახელმწიფოს, რომელიც თქვენ დაამარცხეთ, თუმცა ვერ დაამარცხებთ ამ სახელმწიფოს და ვერ დაამარცხებთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს“ – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე სააკაშვილზე: ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა და შეაწუხა ეს ქვეყანაც მთელი ეს წლებია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ვთხოვ ყველა მოშიმშილეს, შეწყვიტონ შიმშილობა