ლევან კობერიძეს ჰქონდა შანსი, არ აეწყო ფეხი სუბიექტური ინტერესებით მოძრავი პოლიტიკოსებისთვის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2019 14:52

ლევან კობერიძეს ჰქონდა შანსი, არ აეწყო ფეხი სუბიექტური ინტერესებით მოძრავი პოლიტიკოსებისთვის

ადამიანები, რომლებიც სხვა სუბიექტური პოლიტიკური მოსაზრებებით კონკრეტულ მიმართულებას ირჩევენ, ვფიქრობ, უფრო ადრე უნდა წასულიყო უმრავლესობიდან, რადგან შიგნითაც და გარეთაც აფიქსირებდა განსხვავებულ პოზიციას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ლევან კობერიძის საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ლევან კობერიძე ფორმალურად ინარჩუნებდა უმრავლესობის წევრის სტატუსს და უმრავლესობიდან წასვლა დაამთხვია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას.

„ლევან კობერიძის განცხადება არ მომისმენია, როგორც ჩანს, რამდენიმე წამის წინ გაახმოვანა, თუმცა ახლავე შემიძლია გაგცეთ პასუხი, რადგან ამაში უჩვეულო არაფერია. ლევანს არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობასა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ რიგებში. ის გამოხატავდა სხვა პოზიციას ამ საკითხებთან დაკავშირებით და ძალიან სამწუხაროა, ლევანისგან განსაკუთრებით, რომ მანაც გადაწყვიტა სასამართლოს თემასთან დაკავშირებით გაეკეთებინა ასეთი განცხადება, სასამართლო თემაზე მიება უმრავლესობიდან წასვლის საკითხი. ის ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებს უმრავლესობის შიგნითაც ახმოვანებდა და შეგიძლიათ, ლევანის ძველი განცხადებებიც ნახოთ, ის ყოველთვის ამ პოზიციაზე იდგა. ამიტომ ვამბობ, რომ ფორმალურად ინარჩუნებდა უმრავლესობის წევრის სტატუსს და დღეს დაამთხვია მაინცდამაინც მესამე მოსმენას. ეს არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელ პოლიტიკურ თამაშშიც ჯერ ჩართული იყო თავის დროზე ეკა ბესელია, შემდეგ ოდნავ მოგვიანებით ზვიად კვაჭანტირაძე. როდესაც ჯგუფი ერთ აზრზეა და რამდენიმე ადამიანისგან შედგება, მათ შეუძლიათ, ერთად დატოვონ უმრავლესობა. თუმცა, პიარზეა მხოლოდ გათვლილი ის, რომ ნაწილ-ნაწილ, სამმა-ოთხმა კაცმა უნდა დატოვოს უმრავლესობა, რათა უმრავლესობა ამით დააზიანოს და მისი პიარსტრატეგია იყოს ასეთი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ლევან კობერიძეს უმრავლესობის წევრებისგან სხვადასხვა საკითხზე ყოველთვის განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

„ლევან კობერიძე ყოველთვის იყო სხვა აზრზე, მაგალითად, სასამართლოებთან დაკავშირებით და განცხადებებიც გაუკეთებია. ადამიანები, რომლებიც სხვა სუბიექტური პოლიტიკური მოსაზრებებით კონკრეტულ მიმართულებას ირჩევენ, ვფიქრობ, უფრო ადრე უნდა წასულიყო უმრავლესობიდან, რადგან შიგნითაც და გარეთაც აფიქსირებდა განსხვავებულ პოზიციას. მაგრამ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ხისტი დამოკიდებულება, რომ საკითხად დავაყენოთ, მაინცდამაინც შენ ერთი საკითხის გამო დატოვო ან არ დატოვო უმრავლესობა. მას ჰქონდა შანსი, სხვანაირად მიეღო ის რეალური მოცემულობა, რაც არის და არ აეწყო ფეხი სუბიექტური ინტერესებით მოძრავი პოლიტიკოსებისთვის. აქედან გამომდინარე, მისი პოზიცია ნამდვილად არ გამკვირვებია“, – განაცხაად მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა ლევან კობერიძემ დღეს დატოვა. დეპუტატის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება. კობერიძე ამბობს, რომ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.

ლევან კობერიძემ დღეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა. პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2019 14:52