ლეონიდ თიბილოვი: ცხინვალის საგარეო პოლიტიკა რუსეთთან ერთიანობის გამყარებისკენაა მიმართული

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ ცხინვალის საგარეო პოლიტიკა ძირითადად რუსეთთან ერთიანობის გამყარებისკენაა მიმართული. ამის შესახებ თიბილოვმა ცხინვალში კონფერენციაზე “კავკასია გლობალური გამოწვევებისა და საფრთხეების პირობებში” სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“კავკასიის გეოპოლიტიკური მდებარეობა, კერძოდ სამხრეთ ოსეთის, ასევე ჩვენი ქვეყნის გარშემო 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილი პოლიტიკური რეალიები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ხალხს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს. ამით განისაზღვრება ჩვენს მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკური კურსი. ჩვენ განუხრელად ვახორციელებთ მშვიდობისმოყვარე საგარეო პოლიტიკას, რომლის მთავარი ვექტორი ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან – რუსეთის ფედერაციასთან ერთიანობის გამყარებისკენაა მიმართული”, – განაცხადა თიბილოვმა.

ლეონიდ თიბილოვმა სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმზეც ისაუბრა და საზოგადოებას შეახსენა, რომ რეფერენდუმის ჩატარება მიმდინარე წლის ზაფხულიდან 2017 წლისთვის გადაიდო.

“რუსეთის საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის შესაძლო გართულებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებულმა პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გადადოს რეფერენდუმის ჩატარების ვადა მომავალი წლისთვის, 2017 წელს ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ”, -აღნიშნა თიბილოვმა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა და ე.წ. პარლამენტის სპიკერმა რეფერენდუმის გადატანის შესახებ 26 მაისს განაცხადეს.

banner
წინა სტატიაშიმალე ოთარ დანელიას და გელა დუმბაძესაც მოხსნიან?
შემდეგი სტატიაიორდანიაში ლტოლვილთა ბანაკს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი