ბაიდენი – ჩვენ მხარს ვუჭერთ მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ ტერორისტებისგან, როგორიცაა „ჰამასი“ და ტირანებისგან, როგორიცაა პუტინი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ხელს მოაწერს უკრაინის დახმარების კანონპროექტს მაშინვე, როგორც კი სამუშაო მაგიდასთან მივა, რათა იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა უკრაინაში მიმდინარე კვირაში დაიწყოს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ლიდერ შუმერს, ლიდერ მაკკონელს და ყველა დეპუტატს სენატში, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ კანონპროექტს, რაც ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ ტერორისტებისგან, როგორიცაა „ჰამასი“ და ტირანებისგან, როგორიცაა პუტინი“, – აღნიშნავს ბაიდენი თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ამერიკის პრეზიდენტი განმარტავს, დახმარება გადაუდებლად აუცილებელია უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის მხრიდან გამუდმებით იბომბება, ისრაელისთვის, რომელიც ახლახან ირანის თავდასხმის სამიზნე გახდა, ასევე მათთვის, ვინც დაზარალებულია კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით მთელ მსოფლიოში, მათ შორის ღაზაში, სუდანსა და ჰაიტიში.

ბაიდენის განცხადებით, დახმარება აუცილებელია პარტნიორებისთვისაც, რომლებიც ეძებენ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ინდო-წყნარ ოკეანეში.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის უკრაინის გადარჩენისთვის დამტკიცებული დახმარების გამო
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ყველა შეხვედრაზე ჩანს მოქალაქეების სრული მხარდაჭერა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ