„ლელოს“ ვადამდელ არჩევნებამდე მისვლის გზად პლებისციტი მიაჩნია

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, შემდეგი საპარლამენტო არჩევნების 2024 წელს ჩატარებასთან დაკავშირებით, ნიშნავს, რომ ჯერ არ არის დაახლოებული პოზიციები.

„ეს ნიშნავს, რომ ჯერჯერობით არ არის დაახლოებული პოზიციები და არ არის მიღწეული შეთანხმება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებზე და მის თარიღზე ან რეალურ გზაზე იმისთვის, რომ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, სადაც ქართველი ხალხის ნება უნდა იყოს გათვალისწინებული“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, „ლელოს“ ვადამდელ არჩევნებამდე მისვლის გზად პლებისციტი მიაჩნია.

„დიახ, პლებისციტი მიგვაჩნია იმ გზად, რომელიც მიგვიყვანს ვადამდელ არჩევნებამდე, რადგან როდესაც მხარეები ვერ თანხმდებიან, მაშინ მათ უნდა მიმართონ ქართველ ხალხს, შესაბამისად, მათი ნება უნდა იყოს სავალდებულო ორივე მხარისთვის. იმიტომ არის შეთავაზებული პლებისციტი, როგორც ჩიხური ვითარებიდან გამოსავალი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „ოპოზიციის ნაწილისთვის პლებისციტი გამოსავალი არ არის, ამ შემთხვევაში შეინარჩუნებს თუ არა ოპოზიცია ერთიანობას“, ჯაფარიძე პასუხობს, რომ არ არის აუცილებელი, ყველა ერთ აზრზე იყოს.

„ამოცანა არის, რომ ჩვენ მივაღწიოთ დეესკალაციას და კრიზისის განმუხტვას. არ არის აუცილებელი, ყველა ერთ აზრზე იყოს ამ პროცესში, მთავარია, ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები თანხმდებიან, რომ ეს არის დეესკალაციის გზა. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა სხვა პოლიტიკოსის მოსაზრებებს, თუმცა ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი შეხედულებებით, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში. აქედან გამომდინარე, ვიხელმძღვანელებთ ქვეყნის ინტერესებით და არ არის საჭირო, ყველა ოპოზიციის აზრი ერთმანეთს დაემთხვეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში „ლელოს“ კვლავ კონსტრუქციული განწყობა აქვს.

„მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენ ვართ ისევ კონსტრუქციული განწყობით, როგორც ვიყავით. შესაბამისად, ევროკავშირის ჩართულობა რჩება პროცესში და გრძელდება მედიაცია, შარლ მიშელის პერსონალურად აღებული როლი, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის შეთანხმებას, არის დიდი გარანტია, რომ ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდეთ „ოცნებასთან“ ყველა იმ საკითხის ირგვლივ, რომელზეც ვსაუბრობთ ეს თვეები, რომელზეც საუბრობდა პრეზიდენტი მიშელი, ასევე დანიელსონი გამოცდილი დიპლომატი და ჩვენი ქვეყნის მეგობარი ცდილობს, მისი ცოდნა, გამოცდილება მაქსიმალურად გამოიყენოს მედიაციის პროცესში, რომ გადაიჭრას კომპლექსური პრობლემები, რომელიც დაგროვდა ქვეყანაში წლების განმავლობაში და რამაც გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი. მოლაპარაკება იმიტომ არის რთული და გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, რომ ბევრი გადაწყვეტილების მიღება უწევთ ამ პროცესში მონაწილე მხარეებს, მათ შორის კომპრომისული გადაწყვეტილებებია, თუმცა მთავარი გარანტია არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორების, ევროკავშირის ჩართულობა. შეხვედრები, რომლებიც გაიმართა, იყო ძალიან კონსტრუქციული, პოზიტიური, შინაარსიანი, შესაბამისად, ეს სულისკვეთება გაგრძელდება“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების საკითხებზე თუ არ საუბრობს, მოსალაპარაკებელიც არაფერი ყოფილა
შემდეგი სტატიახაზარაძე: სამართლიანი არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარებულა და ამას თქვენ ვერც ერთ დოკუმენტში ვერ ნახავთ