ხაზარაძე: სამართლიანი არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარებულა და ამას თქვენ ვერც ერთ დოკუმენტში ვერ ნახავთ

ბრიუსელიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა კრიზისი განმუხტოს, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისი სახეზეა და „ეს ყველამ დააფიქსირა ტრიბუნიდან“.

„არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მოლაპარაკები გაგრძელდება. ბატონი დანიელსონი არის თბილისში, პოლიტიკური კრიზისი სახეზეა და ეს ყველამ დააფიქსირა ტრიბუნიდან. სწორედ ამის განსამუხტავად ვართ მობილიზებული ყველა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომ ეს კრიზისი განმუხტოს.

სამართლიანი არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარებულა და ამას თქვენ ვერც ერთ დოკუმენტში ვერ ნახავთ. პრობლემა პრობლემად რჩება, ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი. თვითონ ლოგიკა, რომ ჩვენ ამ ექვს პუნქტში ერთ-ერთ ძირითად საკითხად ვიხილავთ საარჩევნო კომისებისა და ცესკო-ს ცვლილებას, იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ არ გვაქვს მექანიზმი და სისტემა, რომელიც სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს. ამიტომაც, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი და პრინციპული საკითხი, რომლის ცვლილებასაც უნდა შევეცადოთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერმა ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მეთაურის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება.

„ღარიბაშვილმა თქვა სტანდარტული პასუხი, რაც წერია კონსტიტუციაში, რომ არჩევნები ჩატარდება 2024-ში. ბუნებრივია, ჯერ არაფერზე შევთანხმებულვართ და როცა შევთანხმდით ეს თარიღიც შეიცვლება.

ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. ის თავდასხმები და მაგიდის აყირავება, რომელიც უკვე მერამდენედ ვნახეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, განსაკუთრებით ბატონი კობახიძის მხრიდან, რომელმაც გუშინწინ პრაქტიკულად დაამთავრა ბატონი დანიელსონის ვიზიტი, ასეთი რამეები უნდა შეწყდეს და ყველა მხარემ და განსაკუთრებით ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ ხელშეკრულება დაიდოს. ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, ახალი საკანონმდებლო ცვლილება, ახალი სასამართლო, უზარმაზარი რაოდენობის რეფორმა, რომ დავიწყოთ ახალი ცხოვრება. ეს გაფიჩინება და რაღაც მესიჯების გამოშვება, დროს აკარგვინებს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, მე მგონი, პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ შექმნილ სიტუაციას და რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ მდგომარეობოდან.

ჩვენ გავაგრძელებთ ჯიუტად შრომას და მოლაპარაკების პროცესს. „ლელო“ საკმაოდ სერიოზულ სამუშაოს ასრულებს ამ მოლაპარაკებაში. ჩვენ გვინდა, ეს კონფლიქტი დამთავრდეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, სახელმწიფოებრივად, მომავალზე ორიენტაციით და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაში„ლელოს“ ვადამდელ არჩევნებამდე მისვლის გზად პლებისციტი მიაჩნია
შემდეგი სტატიაპოლიციამ გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა