პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების საკითხებზე თუ არ საუბრობს, მოსალაპარაკებელიც არაფერი ყოფილა

პრემიერ-მინისტრის დღეს გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, რომ არჩევნები ჩატარდება 2024 წელს და პოლიტპატიმრების საკითხები უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, აუცილებლად ვიპოვით გზას ერთმანეთისკენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდა, „ქართული ოცნება“ გადაიქცევა მთავარ დაბრკოლებად ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე და იმ კეთილდღეობის გზაზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას სჭირდება. დაგვრჩება ერთადერთი გზა იმის, რომ კონსტიტუციით დადგენილი ფარგლებით ვაიძულოთ ხელისუფლება, დააბრუნოს მიტაცებული ძალაუფლება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებს, როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ საქართველოში „შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ასევე ისაუბრა კომპრომისის აუცილებლობაზე“.

„რაც შეეხება, ბორელის განცხადებას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელი პარტნიორების ყველა განცხადება. მან თქვა, რომ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ასევე ისაუბრა კომპრომისის აუცილებლობაზე. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება არის შეთანხმება და კომპრომისი. კომპრომისის მიღწევა არც ერთი მხარის მიერ არ უნდა იქნეს მიღებული როგორც უკან დახევა და დამარცხება, რადგან ეს სჭირდება ქვეყანას. ევროპული დემოკრატია, განსხვავებით რუსეთისგან, პირდაპირ დიქტატს არ ახორციელებს სუვერენულ სახელმწიფოებზე. ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები იყო დიპლომატიური ჟესტი და ემსახურებოდა ჩვენი ხელისუფლების სახის შენარჩუნებას. ჩვენ არ ვიცით, რა საუბარი იყო კულისებს მიღმა. ჩვენ ვიცით, რომ ევროპრეზიდენტის ინიციატივით, ჩამოსულია მისი პირადი წარმომადგენელი, აწარმოებს მოლაპარაკებას და არ აპირებს წასვლას, ვიდრე არ მიიღწევა კონკრეტული შედეგი. ვადამდელ არჩევნებზე თუ არ საუბრობს „ქართული ოცნება“ და თუ პოლიტპატიმრების საკითხს არ იხილავს, მაშინ მოსალაპარაკებელიც არაფერი ყოფილა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თუ ცივად და ცალსახად იტყვის უარს მთავარ საკითხებზე, სასაუბროც არაფერი იქნება.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ წითელ ხაზებზე, მაგრამ ვადამდელ არჩევნებზე თუ არ საუბრობს „ქართული ოცნება“ და თუ პოლიტპატიმრების საკითხს არ იხილავს, მაშინ მოსალაპარაკებელიც არაფერი ყოფილა. ჩვენ ვიტოვებთ იმედს არა „ქართული ოცნების“ კეთილგონიერების, არამედ იმის, რომ ზემოქმედების საერთაშორისო მექანიზმები თავის შედეგს გამოიღებს. ეს თუ არ იმოქმედებს, დაგვრჩება მხოლოდ ერთადერთი საშუალება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხალხმა დაიბრუნოს მიტაცებული ძალაუფლება. ჩვენ კომპრომისისთვის მზად ვართ, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ ცივად და ცალსახად გვეუბნება უარს მთავარ საკითხებზე, საუბარზე, შესაბამისად, სასაუბროც არაფერი დაგვრჩენია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილის გზავნილები დღეს ბრიუსელში არ იყო იმგვარი, რომელიც ხელს უწყობს დიალოგის წარმატებას
შემდეგი სტატია„ლელოს“ ვადამდელ არჩევნებამდე მისვლის გზად პლებისციტი მიაჩნია