კვარაცხელიას გარდაცვალება – ოპოზიცია რუსეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

ოპოზიციის წევრები ხელისუფლებას ირაკლი კვარაცხელიას საქმის გამოუძიებლობაში ადანაშაულებენ. რუსულ სამხედრო ბაზაზე, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას შესახებ განცხადებები პარლამენტში გაკეთდა.

ოპოზიციის წევრების თქმით, ყველა დამანაშავე პირი ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში უნდა იყოს შეყვანილი და მათ წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდეს. თუმცა, ოპოზიციის წევრების აზრით, ხელისუფლება არასაკმარისად ცდილობს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში შესული პირების მიმართ სანქციები სისრულეში მოიყვანოს.

„რა გაკეთდა დღემდე იმისთვის, რომ ეს ფაქტი გამოძიებული ყოფილიყო. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამაც კი, საკუთარი ძალიან მწირი რესურსებით მოახერხა ის, რომ დადგინდა იმ პირების სახელი და გვარი, რომლებიც რუსულ ბაზაზე არიან პასუხისმგებელი, იმ რუსულ ბაზაზე, სადაც ეს მკვლელობა განხორციელდა და რაც არის ძალიან სერიოზული დარღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმების,“ – აცხადებს სამადაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები მოუწოდებენ ხელისუფლებას გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი დამნაშავეების დასასჯელად.

„ოკუპაციას და ძალადობის რეჟიმს, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ჩვენს ტერიტორიაზე, კონკრეტული შემოქმედები ჰყავს, კონკრეტული ადამიანები არიან პასუხისმგებელი მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე და თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ საერთაშორისო ბერკეტების გამოყენება ადეკვატურად იმისთვის, რომ კონკრეტულ დანაშაული დაისაჯოს, დაუსჯელობის სინდრომის ფონზე, სამწუხაროდ, კიდევ არა ერთი მსხვერპლი იქნება ქვეყანაში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრმა, სერგი კაპანაძემ. კაპანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ბრალი წაუყენოს რუსეთის ბაზის ხელმძღვანელობას.

„პირდაპირ მინდა მოგიწოდოთ რა, წაუყენეთ ბრალი რუსეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას, იმიტომ რომ ისე ვერ ახვედრებთ ამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. პირდაპირ შეგიძლიათ მათ წაუყენოთ ბრალი და ისინი მოხვდებიან სიაში და ამას არ აკეთებთ ჯერ,“ – აცხადებს სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაში“ქალბატონი სალომეა კიბერშეტევა ქვეყანაზე” – დავით ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიაქალბატონი სალომე უნდა ჩამოყალიბდეს, თავის სოც. ქსელებზე პასუხისმგებელ თანამშრომელს უნდა, რომ გადააბრალოს თავისი უგუნური ნაბიჯი- ოპოზიცია პრეზიდენტს