ქალბატონი სალომე უნდა ჩამოყალიბდეს, თავის სოც. ქსელებზე პასუხისმგებელ თანამშრომელს უნდა, რომ გადააბრალოს თავისი უგუნური ნაბიჯი- ოპოზიცია პრეზიდენტს

„ან შეცდომაა ან კიბერშეტევაა, ორივე ერთდროულად ვერ იქნება,“ – ასე ეხმაურება ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებას სალომე ზურაბიშვილის სკანდალთან დაკავშირებით.

ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილის მიერ ტვიტერზე დონალდ ტრამპის იმ პოსტის გაზიარებას აფასებენ, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენს “მძინარას” უწოდებს.

ოპოზიციის წევრები პრეზიდენტსა და ადმინისტრაციას ურჩევენ, “ჩამოყალიბდნენ”, რადგან შეცდომა და კიბერშეტევა ერთდროულად ვერ დაფიქსირდებოდა. ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ კიბერშეტევას და ასევე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას.

„ქალბატონი სალომე უნდა ჩამოყალიბდეს, თავის სოც. ქსელებზე პასუხისმგებელ თანამშრომელს უნდა, რომ გადააბრალოს თავისი უგუნური ნაბიჯი თუ გადაწყვიტოს, რომ კიბერშეტევა მოაწყვეს მისი ტვიტერის ანგარიშზე. გადაწყვიტოს, ჩამოყალიბდეს და მერე გააკეთებინოს თავის პრესსპიკერს განცხადებები იმიტომ, რომ ძალიან უხერხულ მდგომაროებაში აგდებს მთელ თავის ადმინისტრაციას და პრეზიდენტის ინსტიტუტს,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მთავარი შეცდომა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება იყო.

„ან შეცდომაა ან კიბერშეტევაა, ორივე ერთდროულად ვერ იქნება. შეუძლებელია ეს. რაც შეეხება შეცდომას, არ ვარ ტვიტერზე, მაგრამ ვინც არის და ისედაც მარტივი გასაგებია, იქ ორჯერ, გეკითხება დადასტურებას, ეს არ შეიძლება შემთხვევით ერთხელ დაგეჭიროს რაღაცაზე ხელი. კიბერშეტევა ყველაზე ღირსეული გამოსავალია, მაგრამ ნდობა ამ ამბის ძალიან დაბალია. მთავარი შეცდომა იყო იმ მეთოდებით ამ ადამიანის პრეზიდენტის სტატუსის მოპოვება, რაც მოხდა.,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიკვარაცხელიას გარდაცვალება – ოპოზიცია რუსეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
შემდეგი სტატიაპანკისის ხეობის სახალხო კრება – გვჯერა, ხელისუფლება გააგრძელებს გონიერ პოლიტიკას და არ დაუშვებს პროცესების შემდგომ გამწვავებას