კურორტ გომარდულზე აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ჩატარდა

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა კურორტ გომარდულზე გაიმართა. როგორც „თაიმერს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძემ სხდომა მნიშვნელოვანი სიახლით გახსნა და აღნიშნა, რომ ყადაღა გომარდულს საბოლოოდ მოეხსნა. ინვესტორებს შეუძლიათ, დაუბრკოლებლად გააგრძელონ საქმიანობა. მომზადებულია კურორტის განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია, რომლის მიზანია გომარდული აქციოს ტურისტებისთვის მიმზიდველად ოთხივე სეზონის განმავლობაში.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ახალგაზრდების როლზე რეგიონის განვითარების საქმეში. სამინისტროებისა და საჯარო დაწესებულებებს მომდევნო წლიდან დაევალათ ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართვა იმ პროცესებში, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.

სხდომაზე ასევე 2018 წლის ციტრუსის სეზონი შეჯამდა. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ციტრუსის ექსპორტის რეკორდული რაოდენობა იყო და იგი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 12 %-ით გაიზარდა. გადამუშავებული სამრეწველო ციტრუსი კონცენტრატის სახით გავა ისრაელის, უკრაინის, იაპონიის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე.

აჭარის მთავრობის განცხადებით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ცვლილებები განხორციელდა რიგი კომპანიის ნასყიდობის ხელშეკრულებაში.

აჭარაში, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება. პროგრამის განსახორციელებლად სულ გამოიყო 20 მლნ ლარი, ხოლო აჭარაში ამ მიმართულებით 2 მლნ ლარი დაიხარჯება. 5 000 -10 000 ლარამდე თანხა დასახლების ზომის მიხედვით გადანაწილდება და სოფლის მოსახლეობის უშუალო ჩართულობით, მათივე გადაწყვეტილებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. პროექტში აჭარიდან 300-ზე მეტი სოფელია ჩართული.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ცხრა პირი დააკავა
შემდეგი სტატია,,ივანიშვილი იქცეოდა, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი”