კულტურის სამინისტროში კონკურს “თარგმანი 2016”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კულტურის სამინისტროში დღეს თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურს “თარგმანი 2016” – ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ .

როგორც “თაიმერს” კულტურის სამინისტროდან აცნობეს, I პრემია დავით გაბუნიას ბრაიან ფრილის “თარგმანებისთვის”” მიენიჭა; II პრემია – მალხაზ ასლამაზაშვილს ბრატისლავ ნუშიჩის “საეჭვო პიროვნების”” თარგმანისათვის; ხოლო III პრემია _ ირინა ჯავახიძეს თორნთონ უაილდერის “ბეწვზე გადარჩენილებისთვის”.

დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ესწრებოდნენ.

“ჟიურის მიერ შეჩეულ 3 გამარჯვებულ პიესას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი პრემია გადაეცა: I პრემია – 2500 ლარი; II პრემია – 1500 ლარი; III პრემია – 1000 ლარი; გამარჯვებულები ასევე დაჯილდოვდნენ ფონდის სპეციალური პრიზით – “თუმანიშვილის ვაშლი”, _ განაცხადეს სამინისტროში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დრამატურგიული კონკურსი “თარგმანი 2016” სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონკურსზე წელს წარმოდგენილი იყო სულ 11 თარგმნილი პიესა, რომლებიც თანამედროვე მსოფლიო დრამატურგიის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენენ.
სამინისტროს ინფორმაციით, “მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი” არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1998 წლის 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს შეიქმნა. სპონსორთა და მეგობართა დახმარებით ფონდი ქართული თეატრისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. 2006 წელს ფონდმა დაიწყო და 10 წელია უწყვეტად ატარებს ორ კონკურსს დრამატურგიაში: “ახალი ქართული პიესა” და “ახალი თარგმანი”.

“კონკურსები უკვე მეხუთე წელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ყოველი კონკურსის დასრულების შემდეგ, თუმანიშვილის ფონდი გამომცემლობა “კენტავრის” თანადგომით, წლის საუკეთესო ქართულ პიესებს კრებულის სახით ბეჭდავს. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის სტატისტიკით, წელს საქართველოს თეატრებში 74 ახალი ქართული და 37 თარგმნილი პიესა დაიდგა. ფონდი ერთობლივ საერთაშორისო პროექტებზეც მუშაობს, რის შედეგადაც, ქართველი დრამატურგების პიესები ევროპის ცნობილი თეატრების სცენებზე იდგმება”, _ განაცხადეს სამინისტროში.

მათივე თქმით, ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ცნობილი მთარგმნელი, ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი, კინომსახიობთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე მანანა ანთაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა სესილია მალმსტრომი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაამერიკელი ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან