კომპანია „ბორჯომი“ საწარმოსთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

კომპანია „ბორჯომი“ საწარმოსთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და იმ თანამშრომლების მიმართ ზეწოლა, ვინც ქარხანაში მუშაობას განაგრძობს, კატეგორიულად მიუღებელია. მათივე განცხადებით, ინფორმაცია, რომ „ბორჯომი“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას ახორციელებს, საფუძველს მოკლებულია, ასევე დეზინფორმაციაა, თითქოს პოლიციამ აქცია დაშალა.

„ვითარება ადგილზე ამ მომენტისთვის შედარებით მშვიდია, თუმცა პროტესტის მონაწილეების მხრიდან დილით განხორციელებული აგრესია გაუგებარია. პროტესტის მონაწილეების მხრიდან აგრესიული ქმედებები და იმ თანამშრომლების მიმართ ზეწოლა, ვინც ქარხანაში შემოდის და მუშაობას განაგრძობს, კატეგორიულად მიუღებელია.

როგორც უკვე არაერთხელ განვმარტეთ, ჩვენ მინიმალური წარმოება გვაქვს, ძირითადად ქართული ბაზრის პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით. ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც გუშინ მედიაციის პროცესი დაიწყო, პროტესტის მონაწილეები აგრესიას და დეზინფორმაციის გავრცელებას განაგრძობენ.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ყველანაირ საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია, თითქოს კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას ახორციელებს. ასევე დეზინფორმაციაა, თითქოს პოლიციამ აქცია დაშალა.

პოლიცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სიტუაციის განმუხტვის მიზნით მოქმედებდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მედიაციის პროცესს მივესალმებით, რომლის მიზანიც ვითარების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ჭრილში გადატანაა“, – აცხადებენ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – თუ შევადარებთ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას უკრაინას და მოლდოვას, ყველა პარამეტრით ამ ორ ქვეყანას ვუსწრებთ
შემდეგი სტატიარომში, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა