„კობახიძესთან ერთად 43%-საც ვერ ავიღებთ“ – „ოცნება“ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილს ითხოვს

„კობახიძესთან ერთად 43%-საც ვერ ავიღებთ“ – „ოცნება“ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილს ითხოვს
საარჩევნოდ მმართველ პარტიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პარტიის თავმჯდომარის პოსტი, შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავოს. პარტიის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოქმედი პრემიერი ყველაზე უკეთ შეასრულებს პარტიის თავმჯდომარის ფუნქციას. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ირაკლი კობახიძის ფიგურა არჩევნებზე პარტიას დააზიანებს.

როგორც ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო „თაიმერთან“ საუბარში ამბობს, ამ მოსაზრებას იზიარებს ბიძინა ივანიშვილიც. რაც იმას ნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარეობას დაემშვიდობება.

– ირაკლი კობახიძის მიმართ პარტიაში ნეგატიური განწყობაა. „ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიის თავმჯდომარეობა ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა ჩაიბაროს. მიაჩნიათ, რომ კობახიძე არაფრის გამკეთებელი არ არის. პირდაპირ ამბობენ, რომ კობახიძესთან ერთად 43%-საც ვერ აიღებენ არჩევნებზე. მოსალოდნელია პარტიულ თანამდებობაზე თეა წულუკიანის დაწინაურებაც – განაცხადა „თაიმერთან“ საუბარში ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ.

არავისთვის დასამალი ამბავი არაა, რომ ირაკლი კობახიძეს პარტიაში ვერავინ ვერ იტანს. გამონაკლისს მისი გუნდის წევრები წარმოადგენენ. ეს გუნდი სულ რამდენიმე კაცისგან შედგება. პარტიაში ჩივიან, რომ კობახიძე დედის გავლენის ქვეშაა და დედის რჩევით ხლართავს ინტრიგებს. ცნობისათვის, თავმჯდომარის დედაც „ქართული ოცნების“ წევრია.

ირაკლი კობახიძის ღარიბაშვილით ჩანაცვლების მოთხოვნით მეოცნებეებმა ივანიშვილს ჯერ კიდევ მარტის თვეში მიმართეს. მაშინ მათ ივანიშვილმა უთხრა, რომ ცოტა ხანი კიდევ მოეცადათ. იმ დროს კობახიძე ოლიგარქის კარზე ჯერ კიდევ დიდი გავლენით სარგებლობდა და ივანიშვილი მის მიტანილ ამბებს იჯერებდა. ამბები კობახიძეს ყველაზე მიჰქონდა. კახა კალაძესაც მან გაუფუჭა ურთიერთობა ივანიშვილთან. ამის გამო დედაქალაქის მერი პოლიტიკიდან და საქართველოდან წასვლასაც კი აპირებდა.

ივანიშვილმა კობახიძის მიმართ დამოკიდებულება ამ უკანასკნელის ამერიკული ვოიაჟის შემდეგ შეცვალა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ამბავი ჩამოუტანეს, რომ ვაშინგტონში „ოცნების“ თავმჯდომარემ ზედმეტები აიღო თავის თავზე. არჩილ თალაკვაძის პარლამენტის სპიკერობიდან ჩამოლაბორანტებაც გაფრთხილება იყო კობახიძისთვის. როგორც ირკვევა ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკაბებზე თალაკვაძემ ზედმეტი აიღო საკუთარ თავზე. რაც ივანიშვილმა არ გაატარა და დღეს ყოფილი სპიკერი რიგითი დეპუტატია.

როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, კობახიძის პარტიული თანამდებობიდან გადაყენება უკვე გადაწყვეტილია. კობახიძე გავლენებს რომ კარგავს, ეს კალაძის მორიგმა აღზევებამაც დაადასტურა. მმართველი პარტია ისევ მას წარადგენს თბილისის მერის პოსტზე. ჩამოლაბორანტების მოახლოების გარდუვალობას გრძნობს კობახიძეც და ამიტომ არის ის ასეთი აგრესიული ოპონენტების მიმართ – ცდილობს ბიძინა ივანიშვილს დაანახოს, რომ ოს პარტიას სჭირდება.

ასეთივე აგრესიული იყო კობახიძე გასულ წელსაც. ასე ცდილობდა ივანიშვილისთვის თავის მოწონებას. ამ აგრესიის წყალობით ჩააბარეს მას ჯერ საარჩევნო კამპანიის წარმართვა, შემდეგ კი პარტიის თავმჯდომარეობა. პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ის გულმოდგინედ შეუდგა გიორგი გახარიასთვის ძირის გამოთხრას. ამბობდა, რომ პარტიის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერი უნდა იყოს. გახარიას გადადგომის შემდეგ თავად ემზადებოდა მთავრობის მეთაურის პოსტის დასაკავებლად, მაგრამ ივანიშვილმა ღარიბაშვილს აუნთო მწვანე შუქი. კობახიძემ მასაც დაუწყო ძირის გამოთხრა. მაგრამ მასთან ერთხელ დამარცხებულმა ღარიბაშვილმა პარტიის თავმჯდომარეს კონტრზომები დაახვედრა. შედეგიც სახეზეა – კობახიძემ ივანიშვილის ნდობა დაკარგა და დღის წესრიგში მისი შეცვლის საკითხი დადგა.

“თაიმერის” ექსკლუზივი

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – ჩვენს პარტნიორებს დიდი მადლობა, მაგრამ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იგივეა
შემდეგი სტატიაბაქრაძე – ოპოზიციისთვის განსაზღვრული არც ერთი თანამდებობის დაკავებას არ ვაპირებ