კობახიძე: უმრავლესობა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი დიალოგის რეჟიმში, იმართება კიევიდან, კონკრეტული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან

გამოჩნდა, რომ ოპოზიციის თვითმიზანი იყო ამ მოლაპარაკების ჩაშლა, ეს ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის ამ პირთა უმრავლესობა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი დიალოგის რეჟიმში, იმართება კიევიდან, კონკრეტული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც წარმართეს მოლაპარაკების პროცესი.

„ამ დღეების განმავლობაში იყო წინსვლაც, თუმცა გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არ მიღწევა. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, მათ შორის ისეთიც, რომლებიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია, ასეთი ულტიმატუმები არის აბსოლუტურად მიუღებელი დიალოგის პროცესში. მე ვგულისხმობ კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. გამოჩნდა, რომ ოპოზიციის თვითმიზანი იყო ამ მოლაპარაკების ჩაშლა, რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია. ვიცით, რომ ეს სპექტრი, ყველას არ ვგულისხმობ, არის ერთი-ორი გამონაკლისი, მაგრამ ეს ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის ამ პირთა უმრავლესობა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი დიალოგის რეჟიმში, იმართება კიევიდან, კონკრეტული პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მათ ბუნებრივია, შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ, ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ ჩაშალეს საბოლოოდ ჯამში შეთანხმება. თქვენ ნახეთ მათი გაღიზიანებული სახეები და გაღიზიანებული რიტორიკა, რაც არის ზუსტად იმის დასტური, რომ ყველამ დაინახა იქ ყველაფერი. ყველამ დაინახა ის, რომ ჩამშლელი იყო სწორედ ოპოზიცია, ეს არის მათი გაღიზიანების მიზეზი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, შეთანხმებაში ყველა პუნქტი, გარდა ერთისა, იყო ის, რომელიც ითვალისწინებდა „ქართული ოცნების“ მხრიდან რაღაცების გაკეთებას, ერთადერთი პუნქტი იყო დამადლებული შემოსვლა პარლამენტში.

„რაც შეეხება კონკრეტიკას, ამაზე ვერ ვსაუბრობთ, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს პროცესი ზოგადად არ დასრულებულა. არ ვიცით, შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი. ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძე: მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეთანხმება შემდგარიყო
შემდეგი სტატიაკობახიძე: ამ ხალხის, პირველ რიგში სააკაშვილის, ბოკერიასი და სხვების მიზანი არის ის, რომ წააგოს სახელმწიფომ