„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარს ამბობს

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე და პარლამენტს მიმართავს, არსებითად გადახედოს შექმნილ ფორმატს და ჯგუფის შემადგენლობას.

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თანამდებობები დატოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის ნომინირებაში.

არასამთავრობო სექტორის თქმით, „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურებთან დაკავშირებით, წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა, რომელიც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

„იმისთვის, რომ ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი ობიექტურად და გამჭირვალედ წარიმართოს, კოალიციას მიაჩნია, რომ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა დაუყოვნებლივ გადადგომა, რომლებმაც 2018 წლის 24 დეკემბერს მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში.

კოალიციას მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირობებში და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილ სამუშაო ჯგუფს და კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მუშაობის პროცესს, კოალიციას მიაჩნია, რომ სამუშაო ჯგუფის არსებული შემადგენლობა ვერ უზრუნევლყოფს პროფესიული და დაინტერესებული ჯგუფების სამართლიან წარმომადგენლობას. სამუშაო ჯგუფის უმრავლესობას შეადგენენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და ის მოსამართლეები, რომელთა პირდაპირი დაინტერესება იყო დაჩქარებული წესიით სიის განხილვა და დამტკიცება.

არსებული შემადგენლობით ჯგუფის შენარჩუნება გამორიცხავს რეალურ ცვლილებებზე მსჯელობას და მოემსახურება მხოლოდ პროცესის კოსმეტიკურ შელამაზებას. ამის გათვალისწინებით, კოალიცია უარს ამბობს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე და მიმართავს პარლამენტს არსებითად გადახედოს შექმნილ ფორმატს და ჯგუფის შემადგენლობას.

რაც შეეხება კოალიციის მიერ წარდგენილი წინადადებებს, მიგვაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა. არჩევის პროცესი სამ ძირითად პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს:

▪ დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის უზრუნველყოფა;

▪ არჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა;

▪ პროცესის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვა”, აცხადებენ კოალიცუაში შემავალი არასამთაბრობო ორგანიზაციის წევრები.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში გრიპის საწინააღმდეგო დამატებით 7 ათასი ვაქცინა შემოიტანეს
შემდეგი სტატიაბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება