ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება

ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება.

როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ განუცხადა, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება 1-დან 19 წლამდე პირებისთვის.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აცრის სტატუსის მოთხოვნის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ კონკრეტულ პირებს წითელას ვაქცინა ჩატარებული არ აქვთ, შესაძლოა, მათთვის მოსწავლის ან სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი დადგეს. აღნიშნული საკითხი განათლებისა და ჯანდაცვის უწყებების მიერ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს.

„21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია წითელას 430 შემთხვევა. განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი 20-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში. წითელა არის ძალიან ადვილად გადამდები დაავადება, რომელიც სწრაფად ვრცელდება. მისი მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა წითელას პრევენციული ღინისძიებების შესახებ განკარგულება. განკარგულების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურას აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ არაიმუნურ პირებში ვაქცინაცია მასობრივად ჩატარდეს. ეს განსაკუთრებით ეხება 1-დან 19 წლამდე ასაკის არასრულად ვაქცინირებულ პირებს. 19 წლის ზემოთ 40-წლამდე პირი, რომელიც არამყარი იმუნიტეტით გამოირჩევა, ვალდებული იქნება, ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს განკარგულება მკაცრ ღონისძიებებს ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ აცრის შესახებ დოკუმენტაცია სრულად არ იქნება წარმოდგენილი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სავალდებულოა, გარკვეული სანქციების შემოღებაც. მთავრობის განკარგულება ეხება განათლების ყველა საფეხურზე მყოფ პირებს. თუ არასრულად ვაქცინირებული პირი ერთ დამატებით ვაქცინას არ ჩაიტარებს, განათლების სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებს აქვთ შესაძლებლობა, სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილონ“, – აღნიშნა ეკატერინე ადამიამ.

რაც შეეხება შემოწმების მექანიზმს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ნებისმიერმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა მოითხოვოს კონკრეტული პირის აცრის სტატუსის შესახებ ინფორმაცია.

ეკატერინე ადამიას განცხადებით, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება გარკვეულ საჯარო სამსახურებშიც რეკომენდებულია, თუმცა არა სავალდებულო.

„განკარგულების მიხედვით, ყველა საჯარო მოხელეზე საუბარი არ არის, თუმცა შეიარაღებულ ძალებსა და 19 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერ პირზეა საუბარი. აღნიშნულ პირებში აცრის ჩატარება რეკომენდებულია და არა სავალდებულო“, – აღნიშნა ადამიამ.

banner
წინა სტატიაში„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიაზაზა ოქუაშვილს დეპუტატის მანდატი შეუჩერეს