ხვიჩია – როდის ყოფილა აქამდე, რომ რომელიმე პარტიის კვლევა არჩევნებზე ამხდარიყო

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიციურ ფლანგზე „ნაციონალური მოძრაობა“ აქამდე იქნებოდა ჩანაცვლებული, მას „ქართული ოცნება“ რომ არ ეხმარებოდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში იაგო ხვიჩია უმრავლესობის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობა“უნდა ჩაანაცვლონ.

ხვიჩიას თქმით, ბოლო ცხრა წელია, საზოგადოება დანარჩენი ოპოზიციის საწინააღმდეგოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობის შესამჩნევ მაგალითებს ხედავს.

ამასთან, იაგო ხვიჩიამ პარტიული რეიტინგისა და მერობის კანდიდატების შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევების შედეგების შესახებაც ისაუბრა.

„გუშინ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა, ოღონდ, ეს იყო მათი პარტიის სასარგებლოდ. დღეს იყო „ქართული ოცნების“ კვლევა, ოღონდ, ამ პარტიის სასარგებლოდ. პარტიული კვლევები იმისთვის არის, რომ მედიამ კითხვები დასვას და საზოგადოებაში ეს განწყობები შეიქმნას, თორე, თავად პარტიებს არ სჯერათ საკუთარი კვლევების. დამიჯერეთ, მეც გამომიცდია ეს ამბავი. როცა ადამიანებს ასეთი კვლევები ჩაუტარებიათ – ამ ადამიანებს გავსაუბრებივარ, ვინც ამას შეგნებულად აკეთებდა და როგორც წესი, სიცილით იხოცებოდნენ ამ კვლევებზე. როდის ყოფილა აქამდე, რომ რომელიმე პარტიის კვლევა არჩევნებზე ამხდარიყო? – თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვეა და სპეკულაციებს არ ავყვები, ვიცი, რომ ბევრი მაქვს სამუშაო, ჩემი მიზანია, ყველა თამაშში მოგება და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე ლატვიის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაგეოლოგების თქმით, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხო არ არის