ყოველ წელს ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული და სწორედ მოქალაქეები ზიანდებიან ასეთი დაგეგმილი ბიუჯეტით

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსახლეობის სოციალური პრობლემების შესახებ ისაუბრა. მან უმრავლესობის დეპუტატს, ნუკრი ქანთარიას უპასუხა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში 2012 წლის პირველი ოქტომბრის მნიშვნელობაზე გააკეთა განცხადება.

„ბატონი ქანთარიასგან ახლა მოვისმინეთ ვრცელი ექსკურსი, როგორ მიდის სახლში მშვიდად მოქალაქე და ამაზე ჩემი კოლეგებიც იტყვიან, მაგრამ მე ერთი შეკითხვა მინდა დავაბრუნო. რა ხდება დღეს ქვეყანაში, როდესაც ადამიანი, როგორც თქვენ ამბობთ, მშვიდად მიდის სახლში და ხვდება ცარიელი მაცივარი. მდგომარეობაში, რაშიც თქვენ ჩააგდეთ ათიათასობოთ და ასიათასობით მოქალაქე საქართველოში, სწორედ ამას იძლევა, რომ დღეს მოქალაქეების დიდი ნაწილს სახლში ცარიელი მაცივრები აქვთ. მინდა კითხვა დავუსვა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს , როდის აკრძალავთ ტაბლოებს სავალუტო ჯიხურებზე.

შეიძლება, ეს ნახევრად ხუმრობით დასმული კითხვა არის, მაგრამ ქვეყნებში, სადაც რეგულაციების გზით წავიდნენ, მაგალითად, შუა აზიის ქვეყნებში, საბოლოო ჯამში იქამდე მივიდნენ, რომ სინამდვილე რომ შეელამაზებინათ, საერთოდ აკრძალეს ვალუტის გადაცვლა ან ტაბლოები ქუჩაში, რომ ხალხმა არ დაინახოს, როგორ გადაცდა რაღაც მიჯნას დოლართან მიმართებაში მათი ვალუტა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ ვართ მიჯნაზე, როდესაც გადაცდება ლარი სამიან მიჯნას და თქვენ იმის გამო, რომ არ შეგიძლიათ იმ ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორება, რის გამოც ლარი ამ მიჯნას გადასცდება, ერთადერთი გზა გაქვთ, მუდმივად ოცნების ფერებში დახატოთ რეალობა. აი, ესაა რეალობა, რომელიც გვეუბნება, რომ ათიათასობით ადამიანს ცარიელი მაცივარი აქვს სახლში, თუ აქვს მაცივარი საერთოდ, რადგან ქვეყანაში თქვენ პირობებში უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა და ფაქტობრივად, როცა აფთიაქში ან მაღაზიაში ადამიანები შედიან, გაძვირებული მედიკამენტი და პროდუქტი ხვდებათ.

მაინც უნდა ავხსნათ, რა არის მიზეზები და 2013 წლიდან ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ მუდმივად ლაპარაკობთ და ბატონ ქანთარიას საუბარშიც ხშირად იყო საუბარი პიროვნებაზე, მოქალაქეზე ორიენტირებული, გუშინ მოვისმინე ბატონი არჩილის განცხადება, რომ 2020 წლის ბიუჯეტი იქნება მოქალაქეზე ორიენტირებული“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის თქმით, საუბარია სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტზე, რომლითაც, მისი თქმით, მოქალაქეები ზარალდებიან.

„მერვე წელია, ბიუჯეტს ამტკიცებთ და ყოველ წელს ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული, ყოველ წელს ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული და სწორედ მოქალაქეები ზიანდებიან ასეთი დაგეგმილი ბიუჯეტით და ასეთი გაფლანგული ბიუჯეტით საბოლოო ჯამში, რადგან თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ, გარდა რეგულაციების ზრდისა, ეკონომიკური ზრდის შემცირებისა, ბიზნესკლიმატის გაუარესებისა, რის გამოც გვაქვს ახლა ქრონიკული შიმშილი უცხოური ინვესტიციების, რის გამოც უკვე 2014 წლიდან უფასურდება ლარი და იმის მაგივრად, რომ თქვენ საგადასახადო ტვირთი შეგემცირებინათ, სწორედ ამ შემადგენლობის პარლამენტმა პირველი, რაც გააკეთეთ, როცა ამ პარლამენტში მოხვედით 2016 წლის დეკემბერში, გაზარდეთ აქციზი საწვავზე, რითაც ბიძგი მიეცით დამატებით ინფლაციას.

სწორედ ეს არის შედეგი იმისა, რომ, რაც არ მომხდარა წლების განმავლობაში საქართველოში და საერთოდ თუ მომხდარა, ეროვნულ ბანკს მოუწია საგანგებო სხდომის მოწვევა და მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება და ის, რა თქმა უნდა, რეზერვებს ყიდის. ამ ეტაპზე შეიძლება, რეზერვების გაყიდვა გამართლებულიც იყოს ან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვიცით, რომ ეს ფუნდამენტურად არ ცვლის მდგომარეობას. ეს არის ახლა გახვრეტილ ქვაბზე ერთ ნახვრეტზე ხელის მიჭერა, მაგრამ ეს ქვაბი უკვე საცერივითაა. საიდანაც არ უნდა მიაჭირო ქვაბს ხელი, წყალი გასდის და შესაბამისად, შეუძლებელია ფუნდამენტურად ეროვნული ბანკის ამ ჩარევებმა რაიმე გამოასწოროს. პირიქით, ეს არის კიდევ უფრო ღრმად ჩაშვება იმ მორევში, რომელშიც ქვემოთ ჩავდივართ 2013 წლიდან“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში საქალაქო სასამართლოში გურამ ჩალაგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის თავზე ყველაზე მეტი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებს, რომელთა მხრებზეც პირველმა ოქტომბერმა გადაიარა