„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის თავზე ყველაზე მეტი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებს, რომელთა მხრებზეც პირველმა ოქტომბერმა გადაიარა

შვიდი წელი შესრულდა, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში სამართლიანობის იდეით და სამწუხაროდ, ამ შვიდი წლის თავზე ყველაზე მეტი შეურაცხყოფა მიაყენეს იმ ადამიანებს, რომელთა მხრებზეც პირველმა ოქტომბერმა გადაიარა, – ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პატიებას სთხოვს ასეთ ადამიანებს, რომლებსაც იდეისთვის არ უღალატიათ.

„ალბათ, საზოგადოება გააკეთებს თავის არჩევანს მომავალ წელს. ახლა, შვიდი წლის თავზე, ყველაზე კრიტიკული, საპასუხისმგებლო პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში. მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მეტად გამოხატავდნენ უსამართლობის დროს თავიანთ უპრინციპო დამოკიდებულებას, ბოდიშს კი არ იხდიან, კი არ ნანობენ რამეს, რომ რაღაცა ისეთი გააკეთეს, რამაც ხელი შეუწყო იმ ძალადობრივი რეჟიმის ჩამოყალიბებას, არამედ ამბობენ რომ ყველაფერი კარგად იყო“, – აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, შვიდი წილის თავზე იმაზე მეტი ადამიანია სამართლის მოლოდინში, ვიდრე გვყავდა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე.

„დღეს გვყავს განაწყენებული მხარდამჭერები, განაწყენებული საერთაშორისო პარტნიორები, ის კარგი დინამიკაც, რაც გვქონდა ადამიანის უფლებების კუთხით პირველ წლებში, რითიც მართლაც გვეამაყებოდა, არის დარტყმის ქვეშ. მე მგონია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ეს ერთ-ერთი ბოლო შანსია 2020-ის წინ. ეს პროცესი საბოლოოდ გასცემს ალბათ ყველაფერს პასუხს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიყოველ წელს ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული და სწორედ მოქალაქეები ზიანდებიან ასეთი დაგეგმილი ბიუჯეტით
შემდეგი სტატიაშსს-მ თბილისსა და ახალციხეში „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა