თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელზეც თბილისის მერ დავით ნარმანიას უსმენენ, კიდევ ერთხელ შეწყდა.
ამჯერად სხდომის შეწყვეტის მიზეზი „მწვანე მუშტის“ წევრი ირაკლი კუპრაძე გახდა, რომელმაც საკრებულოს სიტყვის უფლება სთხოვა. ინფორმაციისთვის, კუპრაძე არასამთავრობო ორგანიზაციის ის წარმომადგენელია, რომლის მისამართითაც დედაქალაქის მერმა ორი დღის წინ გამონათქვამი „მაიმუნი, ვირიშვილი“ გამოიყენა.
„მე მეკუთვნის სიტყვის თქმა, მომეცით სიტყვა“, – ითხოვდა სხდომათა დარბაზში მყოფი კუპრაძე, თუმცა მას განცხადების გაკეთების საშუალება არ მიეცა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა მას მიმართა, დეპუტატებზე წინ ვერ დააყენებდა.
საბოლოოდ, კუპრაძე საკრებულოს დაცვის თანამშრომლებმა, ფაქტობრივად, იძულებით სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.
ხმაური დარბაზში ამ დრომდე გრძელდება.