ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის გადაწყვეტილება ამ რეგიონის მცხოვრებლებმა უნდა მიიღონ, ამას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, ისეთივე, როგორიც ეს ყირიმის შემთხვევაში მოხდა – პესკოვი

„ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის გადაწყვეტილება ამ რეგიონის მცხოვრებლებმა უნდა მიიღონ, ამას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, ისეთივე, როგორიც ეს ყირიმის შემთხვევაში მოხდა“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლებამ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს.

„ხერსონის რეგიონის მცხოვრებლებმა უნდა განსაზღვრონ მათი ბედი. და, რა თქმა უნდა, ეს ის საკითხია, რომელიც ნათლად და გულდასმით უნდა შემოწმდეს და შეაფასონ იურისტებმა და ექსპერტებმა. ასეთ საბედისწერო გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად მკაფიო, სამართლებრივი საფუძველი, დასაბუთება, იყოს აბსოლუტურად ლეგიტიმური, როგორც ეს იყო ყირიმის შემთხვევაში,“ – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

რაც შეეხება კითხვას ხერსონის ოლქში რეფერენდუმის გამართვის შესახებ, პესკოვმა განაცხადა:

„მე ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა. რეფერენდუმზე არაფერი მითქვამს“.

ცნობისათვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლება“ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის თხოვნით მიმართავს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია – ჯანდაცვის მინისტრი
შემდეგი სტატიამოსკოვში ჯანმოს ოფისის დახურვას საქართველომ მხარი დაუჭირა