საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია – ჯანდაცვის მინისტრი

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ პრიორიტეტიდან გამომდინარე, 2022 წლის ბოლომდე ყველა ადგილობრივ მწარმოებელს დაევალა კარგი საწარმოო პრაქტიკის – GMP სტანდარტზე გადასვლა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ადგილობრივ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შორის თანაბრად კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით, 2022 წლის ივნისიდან GMP სტანდარტის დაკმაყოფილების ვალდებულება განისაზღვრა ქვეყანაში იმპორტირებულ მედიკამენტებზეც.

„ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის დამატებითი რეგულირების მექანიზმების უზრუნველყოფისთვის, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს წამლის ხარისხის ლაბორატორიის მოწყობა, რომლის აღჭურვილობის შესყიდვა დასრულებულია. ჩვენი პროგნოზით 2022 წლის ბოლოს, ქვეყანას ექნება გამართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეროვნული ლაბორატორია, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდება მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შემოწმება, რაც დღეს არსებული რესურსების ფარგლებში მხოლოდ მედიკამენტების მცირე რაოდენობას მოიცავს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა, ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს და განსაკუთრებით ჯანდაცვის კომიტეტს, ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერისათვის.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება შეურაცხყოფას აყენებს თავის მორჩილ სასამართლო სისტემას და მოსამართლეებს – სააკაშვილის ადვოკატი
შემდეგი სტატიახერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის გადაწყვეტილება ამ რეგიონის მცხოვრებლებმა უნდა მიიღონ, ამას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, ისეთივე, როგორიც ეს ყირიმის შემთხვევაში მოხდა – პესკოვი