ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება

ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურმა დაიწყო ზრუნვა ოქროს ფონდისა და მის საცავში დაცული საეკლესიო სიწმინდეთა სხვაგან დროებით განთავსებაზე.

„შეირჩა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, სადაც ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციაში გამოფენილი თითოეული ექსპონატისთვის მომზადდა საგამოფენო სივრცე და დამონტაჟდა მაღალი სტანდარტის მქონე სამუზეუმო ვიტრინები, რომელიც აღჭურვილია ტემპერატურისა და ტენიანობის მარეგულირებლით და ჰაერგამწმენდი სისტემებით, რაც ხელოვნების მუზეუმში არ ჰქონდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის მიერ აღწერილია ექსპონატთა თითქმის მესამედი, თუმცა პროცესი კოვიდპანდემიის გამო შეჩერდა.

„მივიჩნევთ, რომ იგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მუზეუმში დაცული ნიმუშების არსებული მდგომარეობა ზუსტად უნდა აღიწეროს, შემდეგ კი, საგანძურის ს. ჯანაშიას მუზეუმში გადატანის და მათი საგამოფენო სივრცესა და ფონდსაცავში განთავსების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხიდან და უპირატესი საჭიროებებიდან გამომდინარე, თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ექსპონატების ლაბორატორიული შესწავლა და შესაბამისი პროფესიონალების მიერ რესტავრაცია-კონსერვაციის ჩატარება. ამის განსახორციელებლად ს. ჯანაშიას მუზეუმში ასევე მოეწყო სათანადო ლაბორატორია.

და ბოლოს, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს საპატრიარქოს და ეროვნულ მუზეუმს შორის დაიდო შეთანხმება, რომ შენობის რეაბილიტაციის ჩატარების შემდეგ, მასში უწინდებურად ხელოვნების მუზეუმი უნდა განთავსდეს და ოქროს ფონდიც, – საეკლესიო საგანძური, – დაბრუნდეს აღდგენილ მუზეუმში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიარქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე: თეა წულუკიანთან პირდაპირი პოლიტიკური ბრძოლის უნარი არ შეგწევთ, ამიტომ პოლიტიკური ბრძოლა გსურთ გადაიტანოთ ძეგლთა დაცვის პოლიგონზე
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 3670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ინფექციას კიდევ 38 ადამიანი ემსხვერპლა